მ/წ 26 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა. ალმა მატერმა გზა დაულოცა უნივერსიტეტის მე18 გამოშვებას. საღმოს ესწრებოდნენ კურსდამთავრებულთა მშობლები, დამსაქმებლები, საშუალო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, ბიზნესის სკოლის სტუდენტის მშობელმა ლარისა მელაძემ, დიასპორის მინისტრის მრჩეველმა გიორგი მერაბიშვილმა, სკოლის დეკანებმა.
საღამო სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით იყო დატვირთული, ახალ ტრადიციებსაც ჩაეყარა საფუძველი - უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა ცნობილ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს ჯემალ სეფიაშვილს.
მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ უნივერსიტეტმა დიასპორის სამინისტრო დააჯილდოვა ნომინაციაში "ერთგული პარტნიორი", ხოლო პროკრედიტ ბანკი - ნომინაციაში „კრეატიული დამსაქმებელი“, გარდა ამისა, პროკრედიტ ბანკთან დაიდო მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რაც სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სტაჟირებასა და დასაქმებას ითვალისწინებს.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დამსახურებული დიპლომები. მათი სახელით გიორგი მაქარაშვილმა, შალვა ბექაურმა და ხატია ჩიხლაძემ მადლობა გადაუხედეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალს ნაყოფიერდ გატარებული წლებისთვის.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ ჯემალ სეფიაშვილმა და ცისანა სეფიაშვილმა გამართეს შთამბეჭდავი კონცერტი, რომელშიც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი ლიკი ლემონჯარიაც მონაწილეობდა. საღამო დასრულდა გრანდიოზული ფეიერვერკით და ფრანების გაშვებით.
საკონტაქტო პირი: დავით სარიშვილი; d.sarishvili@gruni.edu.ge