2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა პროფ. ჰელმუტ შნაიდერი - ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის შემოქმედების მსოფლიოში აღიარებული მკვლევარი, ჰეგელის არქივის (ბოხუმი, გერმანია) დირექტორი 1988-2003 წწ. ჩვენს უნივერსიტეტში - პროფ.შნაიდერის მოღვაწეობის პერიოდში - მისი აქტიური მონაწილეობით გამოიცა არაერთი სამეცნიერო კრებული, ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ფილოსოფიის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების დარგში. ამავე პერიოდში ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოვიდა პროფ. შნაიდერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „ფილოსოფიური გეოგრაფია“, რომელმაც დიდი რეზონანსი ჰპოვა ქართულ სამეცნიერო წრეებსა თუ ფართო საზოგადოებაში. გარდა ამისა, პროფ. შნაიდერი ინტენსიურად მუშაობდა სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. უნივერსიტეტის სტუდენტისა და სამეცნიერო პერსონალის დიდი დაინტერესება გამოიწვია მისმა ლექცია-სემინარებმა ჰეგელის ესთეტიკისა და სამართლის ფილოსოფიის, ფილოსოფიური გეოგრაფიის, უტოპიური ქალაქის სიმბოლიკისა და ადამიანის ნების თავისუფლების პრობლემების შესახებ. პროფ. შნაიდერმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო 2011 წელს გამოქვეყნებული რვაენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო კრებულის „ფილოსოფია გლობალური ცვლილებების ეპოქაში“ (რედაქტორი - პროფ. თენგიზ ირემაძე) მომზადებასა და გამოცემაში, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში მომზადდა და გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, ბურკჰარდ მოიზიშის დაბადებიდან 65 წლისთავს მიეძღვნა.
პროფ. ჰელმუტ შნაიდერის სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მოღვაწეობა ჩვენს უნივერსიტეტში დააფინანსა იოჰან გოტფრიდ ჰერდერის ფონდმა (გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახური, ბონი, გერმანია) საგანგებო საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელიც ამ ფონდში წარადგინა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითმა ინსტიტუტმა (დირექტორი - პროფ.თენგიზ ირემაძე).