2009 წლის 1 – 2 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა”. ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო კონფლიქტების მოგვარების არატრადიციული მეთოდების შემუშავების კავკასიური ცენტრი (სომხეთი), რომლის წარმომადგენელმა, ბატონმა არტუშ მკრტჩიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
კონფერენციის თემის შერჩევა - აღნიშნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, განაპირობა მისმა აქტუალობამ და პოლიტიკურმა მნიშვნელობამ.
მონაწილეთა შორის როგორც აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, ისე პრაქტიკოსი ჟურნალისტებიც იყვნენ. კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა უცხოლ კოლეგათა მონაწილეობამ. მუშაობის პროცესში წამოჭრილი საკითხები და პრობლემები თანაბრად მტკივნეული და საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთათვის. სწორედ ამიტომ ძირითადი იდეა - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გამხდარიყო აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და გამოცდილების გაზიარების ასპარეზი, წარმატებით განხორციელდა.
უნივერსიტეტის საგამომცემლო ცენტრში გამოიცა საკონფერენციო თემათა თეზისები და უახლოეს მომავალში იგეგმება მოხსენებათა სრული სახით დაბეჭდვა.
კონფერენციის მუშაობა გააშუქეს ქართულმა სატელევიზიო არხებმა: “რუსთავი2”-მა, “იმედმა” და საპატრიარქოს ტელევიზიამ.