საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალი “ კენტავრი” დამთავრდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალი “ კენტავრი” დამთავრდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოში, ფესტივალი უკვე მეორედ ჩატარდა.
 
გასული წლისგან განსხვავებით, წელს, ფესტივალის საერთაშორისო არეალი უფრო მასშტაბური იყო. ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის ქვეყნებთან ერთად ფესტივალმა სომხეთი, სერბია, ბელორუსია და ბულგარეთიც მოიცვა.
 
ფესტივალი “კენტავრი”, მონაწილე სტუდენტთა ნამუშევრების განხილვით - 25 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაიწყო.
ნამუშევრებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი, პროფესორი- თემურ ფაფერაშვილი, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი-  მარინა ვეკუა, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი- მარინა ხარატიშვილი და აზერბაიჯანის, ნახჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკისა და მსოფლიო ლიტერატურის ფაკულტეტის ხელმძღვანელი სურა სეიდი.
 
ფესტივალმა გამარჯვებული ტრადიციულად ოთხ ძირითად ნომინაციაში გამოავლინა: საუკეთესო საავტორო პროექტის, საუკეთესო სპეც-ეფექტების და მონტაჟის, საუკეთესო ოპერატორის და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში.
 
გამარჯვებული ასევე გამოვლინდა 2 დამატებით ნომინაციაში: ჟიურის სიმპათია და თემის ორიგინალურად წარმდგენი.
 
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო რეჟისორის, ოპერატორის და საავტორო პროექტის ნომინაციაში ქართველმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს, ნამუშევრებისთვის “მესაათე”, “რომალე” და “უშრეტი ცრემლი”
საავტორო ნომინაციაში ქართველ სტუდენტთან ერთად, ნამუშევრისთვის “ღირსეულად ცხოვრება” ბელორუსმა სტუდენტმაც გაიმარჯვა. ჟიურის სიმპათიის ნომინაციის მოპოვება კი, ნამუშევრისთვის “ქალი სიმწვანიდან”, მხოლოდ თურქმა სტუდენტმა შეძლო.
 
და ყველაზე ორიგინალური - თემის ორიგინალურად წარმდგენის ნომინაციაში, ნამუშევრისთვის “მწყურვალი ქვის ზღვაში” ბელორუს სტუდენტს მიენიჭა გამარჯვებულის სტატუსი.
 
უნდა აღინიშნოს, რომ გრანპრი წელსაც ვერავინ ვერ მიიღო.
 
ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთევან აფციაურმა გახსნა, რომელმაც წარადგინა ყველა ნომინაცია, ჟიურის წევრები და მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე ქვეყანას თანამშრომლობისთვის.
შესავალი სიტყვის შემდეგ, ნაჩვენები იყო ფესტივალში გამარჯვებული ნამუშევრები, რასაც დიპლომების გადაცემის სასიამოვნო და ემოციური ცერემონია მოჰყვა. ყველა გამარჯვებულს, ფესტივალის ჯიურის თავმჯდომარე - თემურ ფაფერაშვილი გადასცემდა შესაბამის დიპლომს.
 
ეს დღე, დამსწრე საზოგადოებას შინაარსობრივი დატვირთვის გარდა, დაამახსოვრდა ჟიურის წევრი, პროფესორი მარინა ვეკუას მიმართვითაც, რომელმაც თავის სიტყვაში ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებთან შედარებით, ქართული სატელევიზიო სკოლის უპირატესობაზე და სიტყვის ბოლოს, ყველა უნივერსიტეტს მოუწოდა ფესტივალის სოლიდარობისაკენ.
დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა მამუკა თავხელიძემ მიმართა, მადლობა გადაუხადა ფესტივალის იდეის ავტორს - თემურ ფაფერაშვილს, აღნიშნა ნამუშევართა ხარისხობრივი პროგრესი და სტუდენტებს მომავალ წელს “კენტავრი 2011”–ის გამართვას შეჰპირდა. ჟიურის წევრებს კი, მუდმივი თანამშრომლობისთვის, მადლიერების ნიშნად სიგელები გადასცა. 
ამით, საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალი “კენტავრი” ერთი წლით დაგვემშვიდობა.