2009 წლის 13 მარტს, 14.00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სტუდენტური კლუბის ,,ერთსულოვნება” წარდგინება - პრეზენტაცია. დღის წესრიგში შედიოდა ორგანიზაციის გაცნობა საზოგადოებისთვის და ,,ერთსულოვნების” დეკლარაციაზე ხელმოწერა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლები. ასევე საკონფერენციო დარბაზში მრავლად იყვნენ დაინტერესებული სტუდენტები და სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმრები. დამსწრე საზოგადოებამ ახლადშექმნილი ორგანიზაციის მიმართ გამოხატა თანადგომა.
პრეზენტაციამ აპლოდისმენტებით სავსე, თბილ გარემოში ჩაიარა. მომხსენებლებმა მოკლედ გააცნეს დამსწრე საზოგადოებას სტუდენტური კლუბის სტრუქტურა: სტუდენტური კლუბი ,,ერთსულოვნება” არის სტუდენტთა თავისუფალი გაერთიანება. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არარეგისტრირებული კავშირი, არსებობის ვადა – განუსაზღვრელი. სტუდენტური კლუბი თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს უმაღლესი სასწავლებლების ფარგლებში. შემდეგ კი ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. ,,ერთსულოვნების” ძირითადი მიმართულებაა ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითრება. ახალგაზრდობის შესაძლებლობების გამოვლენისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა; რელიგიური, ისტორიული და კულტურულ მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა; საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება; სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ორაგანიზატორებმა აღნიშნეს რომ, მათი მიზანია ორგანიზაციის თითოეულმა წევრმა აქტიურად მიიღო მონაწილეობა საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველა სფეროში.
სტუმრებმა აღფრთოვანება და მხარდაჭერა გამოხატეს ახლადდაარსებული ორგანიზაციის მიმართ. განსაკუთრებით აღსანიშნავია რექტორის, ბატონი მამუკა თავხელიძის ხელშეწყობა ენთუზიასტი დამფუძნებლების მიმართ.
პრეზენტაცია სტუდენტური ორგანიზაციის დეკლარაციაზე ერთსულოვანი ხელმოწერით დასრულდა. ხელმომწერებმა, როგორც უფროსმა თაობამ, ასევე სტუდენტებმა ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ შეუერთდებიან ,,ერთსულოვნების” ნათელ და კეთილ საქმიანობას.