თანამშრომელობა ხაიფის უნივერსიტეტთან (ისრაელი)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომელობა ხაიფის უნივერსიტეტთან (ისრაელი)

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა გიორგი ღლონტმა, ხაიფის (ისრაელი) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიწვევით 2013 წლის 10-15 აპრილს მონაწილეობა მიიღო სამუშაო სემინარში, რომელზეც განიხილეს ისრაელის, საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

 

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი ღლონტი შეხვდა ხაიფის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავიდ ფარაგის, საერთაშორისო სკოლის  დეკანს, პროფესორ ჰანან ალექსანდერს, მენეჯმენტის სკოლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს იოსი იაგილს, ნიჭიერთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ როზა ლეიკინს, იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრატორს, კალინიტ კლემერს.

 

ხაიფის უნივერსიტეტის რექტორმა და საერთაშორისო სკოლის დეკანმა პროფესორ ღლონტთან ერთად განიხილეს უმაღლესი განათლების სისტემის სრულყოფის, ქართველი სტუდენტების ხაიფის უნივერსიტეტში მივლინების საკითხები, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლის პროგრამები, სემინარების, კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზების გეგმები ისრაელში. განათლების სისტემაში ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის სემინარის მონაწილეებმა გამოყვეს პროგრამები ნიჭიერ მოსწავლეთა და სტუდენტთათვის.

 

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების განხილვისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხაიფისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმება-ხელმოწერის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს:

1.       გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მაგისტრატურის სრული კურსის გავლას ხაიფის უნივერსიტეტში ან  სწავლებას  ერთი/ორი სემესტრის განმავლობაში (ინგლისურ ენაზე);

2.       ისრაელში სწავლას საზაფხულო სემესტრის განმავლობაში (4 კვირამდე ხანგრძლივობით);

3.       დოქტორანტურაში სწავლებას, სამეცნიერო ხელმძღვანელობას, სადისერტაციო საბჭოების წევრობას;

4.        ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას;

5.        ერთობლივი კვლევითი პროექტების მომზადებასა და წარდგენას საერთაშორისო გრანტების მოპოვების მიზნით

ხაიფის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პროგრამა ამოქმედდება 2014 წლიდან.