მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ
მოგზაურობა ევროპაში, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს, ზუსტად იმეორებს იმ მარშრუტს, სულხან-საბა ორბელიანმა რომ გაიარა 300 წლის წინათ, 1714-1715 წლებში.
დიდი ქართველი მწერალი სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725) თავისი დროის ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო ქართლის მეფეთა კარზე. სწორედ მან აღზარდა ერთ-ერთი უგანათლებულესი ქართველი მეფე ვახტანგ VI ბაგრატიონი. მეფის დავალებით სულხან-საბა ორბელიანმა სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიები განახორციელა სპარსეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ოსმალეთსა თუ რუსეთში.
ევროპაში თავისი მოგზაურობით, რომელიც 1713 წელს დაიწყო, იგი გარეშე მტრებისაგან დიდად შეჭირვებული საქართველოსთვის დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭრის მოპოვებას ცდილობდა. ამ მიზნით იგი რამდენჯერმე შეხვდა რომის პაპს კლემენტე XI-ს, საფრანგეთის მეფეს ლუდოვიკო XIV-ს და იმდროინდელი დასავლეთის სხვა სახელმწიფო თუ სასულიერო მოღვაწეებს. სულხან-საბას ევროპული მისია საქართველოს დასავლური ორიენტაციის, მისი პრაქტიკული გამოვლინების ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრაცია იყო.
სამწუხაროდ, მაშინ თავის პრობლემებში ჩაფლულმა ევროპამ საქართველოსთვის ვერ მოიცალა და სულხან-საბა ორბელიანი ვახტანგ VI-სთან ერთად იძულებული გახდა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზები ეძებნა. მაგრამ ის ფაქტი, რომ საქართველო დღეს ევროსაბჭოს წევრია, მათი სახელმწიფოებ¬რივი პოლიტიკის, მათი ევროპული არჩევანის ერთგვარი გაგრძელება და შედეგიც არის.
თანამედროვე საქართველო, რომელმაც 1991 წელს აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა, კვლავ იმედის თვალით უყურებს ევროპას. სწორედ ევროპული გზაა საქართველოს ბუნებრივი განვითარების გზა. სწორედ ევროპული ფასეულობებია ის, რაც საქართველოს პოლიტიკურ სახეს ჰქმნიდა, ჰქმნის და შეჰქმნის მომავალში. დღეს საქართველოს ევროპის მხარდაჭერა იქნებ უფრო მეტადაც სჭირდება, ვიდრე სულხან-საბა ორბელიანის დროს სჭირდებოდა.
თავისი ევროპული მოგზაურობა სულხან-საბა ორბელიანმა დაწვრილებით აღწერა დღიურების სახით, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. დღიურების პირველი ნაწილი, სამწუხაროდ, დაკარგულია და ჩვენამდე მოღწეული ტექსტი საფრანგეთიდან იტალიაში გადასვლით იწყება. ჩვენი უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი ამ მოგზაურობის გამეორება სწორედ სულხან-საბას ტექსტს ეყრდნობა. პროფ. პაატა ნაცვლიშვილი შეეცდება ზუსტად იმ დღეს აღმოჩნდეს მონაკოსა თუ გენუაში, რომსა თუ ფლორენციაში, სიცილიასა თუ მალტაზე, მიტილენესა თუ კონსტანტინოპოლში, როცა იქ სულხან-საბა ორბელიანი ჩავიდა 300 წლის წინათ. იგი შეეცდება, შეხვდეს იმ მოღვაწეთა პოლიტიკურ მემკვიდრეებს, რომელთაც სულხან-საბა ორბელიანი შეხვდა ევროპაში მოგზაურობისას, მოინახულოს ის ადგილები, რომლებსაც საქართველოს ელჩი ეწვია სამი საუკუნის წინათ.
ამ პროექტის ხორცშესხმით ჩვენ შევეცდებით, კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ევროპას, ზოგადად – დასავლეთს, ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია, წარმოვაჩინოთ ამ არჩევანის ისტორიული ფესვები, ერთი მხრივ, და მისი მნიშვნელობა და აქტუალობა, მეორე მხრივ.