სტუდენტის ბლოგი: „მინდა ყველაფერი ჩვეულ წესრიგს დაუბრუნდეს“

სტუდენტის ბლოგი: „მინდა ყველაფერი ჩვეულ წესრიგს დაუბრუნდეს“

ეს თემა - „ჩემი პირველი სტუდენტური წელი“ - ლიკა მეგუთნიშვილს - ჟურნალისტიკის მიმართულების პირველკურსელს - ფინალურ გამოცდაზე ჰქონდა დასაწერად.

 

გვსურს გაგიზიაროთ მისი შეფასება პირველ სასწავლო წელთან დაკავშირებით:

 

„ყველაფერი 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც მივატოვე სახელმწიფო უნივერსიტეტი და მობილობით გადმოვედი გრუნიში. პირველი ლექციიდანვე ამ უნივერსიტეტისადმი განსაკუთრებული სიყვარული ვიგრძენი, რომელიც შემდეგ უფრო და უფრო გაღვივდა და დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო თავგადასავალი - ჟურნალისტად დაბადება.

 

დაბნეულობა მალე თავდაჯერებამ, კმაყოფილების გრძნობამ, სიხარულმა და უდიდესმა ენთუზიაზმმა შეცვალა.

 

სხვა უნივერსიტეტების შესაშურად და ჩემდა საბედნიეროდ, აღმოვჩნდი საოცარ გარემოში, არაჩვეულებრივი პედაგოგების, პროფესიონალი და უდიდესი ენერგიის მქონე პროფესორ-მასწავლებლების გარემოცვაში, რომლებმაც ცოდნის მიღების გარდა, უზარმაზარი სითბო, სიყვარული და ყურადღება მაგრძნობინეს და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 

მე და ჩემმა ჯგუფელებმა სწავლას არაჩვეულებრივად შევუთავსეთ მხიარულება, მაგალითად, ძალიან სახალისო იყო წინასაახალწლო სამზადისი ჩვენს რადიოში, დაწყებული სტუდიის მრავალჯერ მორთვა-მოკაზმვით, დამთავრებული მხიარული საახალწლო რუბრიკების მომზადებით.

 

სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოჭრილი ვირუსის, მისი მსოფლიო პანდემიად გამოცხადებისა და სრულიად სამყაროს იზოლაციაში მოქცევის გამო, ჩემი, როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის, ცხოვრების პირველივე წლის ნახევარი სახლში გავატარე და ლექციებს აუდიტორიების ნაცვლად ჩემი ოთახიდან ონლაინ რეჟიმში, პროგრამა JITSI-ის საშუალებით ვესწრებოდი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ექსპრომტად შემუშავებულმა სწავლების ამ მოდელმა, ნამდვილად გაამართლა და ჩემმა უნივერსიტეტმაც ღირსეულად გაართვა თავი ამ რთულ ამოცანას და ჩვენ არც ერთი წამით არ გვიგვრძნია, რომ იმავე ხარისხის ცოდნას ვერ ვიღებდით, რასაც უნივერსიტეტის კამპუსებში ყოფნის დროს, მაინც მე დამაკლდა ერთი რამ, ეს არის ცოცხალი კომუნიკაციის პროცესი, მაგალითად, როდესაც აკეთებ პრეზენტაციას ან უბრალოდ ნებისმიერი საკითხის შესახებ იწყებ ლექტორთან თუ სხვა სტუდენტებთან დისკუსიას. მომენატრა უზარმაზარი ენერგიის გაცემისა და მიღების პროცესი და მომენატრა ემოცია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს უცნაური მეორე სემესტრი, სახლში ყოფნა და ონლაინ ლექციები მხოლოდ ჩემდა სასიკეთოდ-თვითგანვითარების, ცოდნის გაღრმავებისა და უამრავი სხვა რამის საფუძვლიანად გასაანალიზებლად გამოვიყენე და პრინციპში, ამ მხრივ, საწუწუნო არც არაფერი მაქვს, მაინც მინდა ყველაფერი ჩვეულ წესრიგს დაუბრუნდეს, რადგან მართლა ძალიან მომენატრა ჩემი უნივერსიტეტი, რომლის კარგად გაცნობაც და რომელთან ერთადაც დიდი დროის გატარება, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი.

 

იმედი მაქვს, რომ ამ უნივერსიტეტში გატარებული შემდეგი სამი წელი, ისეთივე საინტერესო, შემეცნებითი, ტკბილი და დასამახსოვრებელი იქნება, როგორიც იყო ეს პირველი სტუდენტური წელი“.