სტუდენტების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან


3 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან და განიხილა განათლების რეფორმა.

 

„ჩვენ ინიცირებას ვუკეთებთ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არსებული თუ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ 2020 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი იქნება, 2021 წელს - 2 მილიარდ- ნახევარი, ხოლო 2022 წელს ის გაუტოლდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს და შეადგენს 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს.

 

ეს იქნება ის მინიმუმი, რომელიც ექნება ვალდებულებად ნებისმიერ ხელისუფლებას, რომ მიმართოს განათლებაზე, ახალგაზრდებზე და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე საქართველოში. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ერთადერთი სწორი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან და თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

შეხვედრას სხვა სტუდენტებთან ერთად ესწრებოდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის II კურსის სტუდენტი, ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსის: „ლეონარდი და ვინჩის“ - ორგზის გამარჯვებული გიორგი ნიორაძე და სამართლის სკოლის III კურსის სტუდენტი, საფრანგეთის ნანტის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებული თიკო აბულაძე.

 

თიკო აბულაძის მიერ პრემიერისათვის დასმული შეკითხვა შეეხებოდა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას და სტუდენტთა დასაქმებას. მან მამუკა ბახტაძეს გაუზიარა ნანტის უნივერსიტეტისა და ზოგადად ევროპული საგანმანათლებლო სისტემის გამოცდილება, სადაც სწავლის პერიოდშივე სავალდებულოა სტუდენტთა სტაჟირება, რაც კურსდამთავრებულთა დასაქმებას უწყობს ხელს.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა იყო და უპასუხა, რომ ნამდვილად იგეგმება ცვლილებები შრომის კოდექსში და დაანონსა, რომ მალე საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, ევროსაბჭოს მიერ საქართველოს უმაღლესი განათლების დიპლომების აღიარების აუცილებლობის შესახებ, რაც თავისთავად თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც მოიცავს და უდაოდ გააუმჯობესებს ცოდნის ხარისხსაც.