სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი.
უძღვება სასწავლო კურსებს: ჟურნლისტიკის ფორმები და ჟანრები, ჟურნალისტის ოსტატობა, ჟურნალის წარმოება, ონლაინჟურნალისტიკა.
დაიბადა 1952 წლის 16 ოქტომბერს თბილისში.
დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა (1974) და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტები.
აქვს პრესასა და რადიო-ტელევიზიაში მუშაობის მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება: სხვადასხვა დროს იყო გაზეთების – „ახკომის“, „სამშობლოს“, „ნატვრისთვალის“, „ხუთი რგოლის“ მთავარი რედაქტორი, „ახალი ქართული გაზეთის“ მთავარი რეჟისორი; საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი; საქართველოს ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება „სხივის“ მთავარი რედაქტორი; მედიაოჯახ „განათლებული საქართველოს“ უფროსი; ინტერნეტსაიტ „ბორჯომი-2014“-ის რედაქტორი.
მუშაობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსად, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ კორესპონდენტად, ჟურნალ „მართვეს“ ლიტმუშაკად, პროექტ „ბორჯომი-2014“-ის მენეჯერად.
კითხულობდა სხვადასხვა სალექციო კურსს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
იყო საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო საგადასახადო ნიშნების გამოშვების მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის წევრი, ქართველ ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელი თანაპრეზიდენტი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი, კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტის დამფუძნებელი პრეზიდენტი.
არის „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობის“ დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი წევრი, საქართველოს ოლიმპიური და სპორტული ფილატელიის ასოციაციის დამფუძნებელი პრეზიდენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უცხოეთის ქართველთა კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი სამეცნიერო პროგრამის ხელმძღვანელი, სამეცნიერო და ლიტერატურულ-პუბლიცისტურ ალმანახ „სამშობლოს“ რედაქტორი
.
არის ავტორი 20-ზე მეტი წიგნისა, რომელთა შორისაა მონოგრაფიები, ჟურნალისტური კრებულები, გამოკვლევები, ფოტოალბომები, ლექსების კრებულები; ეკუთვნის 70-ზე მეტი ქართული საფოსტო მარკის დიზაინი; არის ავტორი ქართული კომპიუტერული კალიგრაფიული შრიფტისა „სამშობლო“.
გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ჟურნალისტიკის ისტორიის, ჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის, ლიტერატურის ისტორიისა და თეორიის, ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის ისტორიის, ემიგრაციის ისტორიის, ფილატელიის საკითხებზე. მონაწილეობდა მრავალ ფორუმსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოსა თუ უცხოეთში.
დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით, ოლიმპიური ორდენით, ოლიმპიური მედლით. არის „ოქროს კალმის“ ლაურეატი, კავკასიის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, არაერთი ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული.
არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
მისი ბიოგრაფია შესულია ცნობარში „ვინ ვინ არის საქართველოში“ და ენციკლოპედიაში „თბილისი“.
მათთვის, ვისაც სურს, სრულყოფილად დაეუფლოს ჟურნალისტის ხელობას, აიმაღლოს ჟურნალისტური ოსტატობა და გაეცნოს ჟურნალისტური ხელოვნების საფუძვლებს, პაატა ნაცვლიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო აცხადებს მსურველთა მიღებას სერტიფიცირებულ ჟურნალისტურ კურსებზე.