საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია გრუნის სამართლის სკოლის სტუდენტების პროფესიული განვითარება და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაახლოება.
თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტების უფასო სასწავლო პრაქტიკას საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ბიუროებში, სხვადასხვა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას, მათ შორის, საჯარო ლექციების, სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზებას, თანამედროვე სამართლებრივი პრაქტიკის გაცნობას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და სამართლებრივ სისტემაში ნოტარიატის ინსტიტუტის როლის უკეთ გააზრებას.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრუნის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ - ეკეტერინე ნანდოშვილმა.
სტუდენტებთან შეხვედრაზე ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ისაუბრა პროფესიის სპეციფიკის, მისი ფუნქციების, პასუხისმგებლობისა და იმ აუცილებელი ეტაპების შესახებ, რომელთა გავლაც საჭიროა ნოტარიუსის პროფესიის დასაუფლებლად. ახალგაზრდები გაეცნენ პროფესიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და პროფესიული საქმიანობის თავისებურებებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, პალატის თანამშრომლები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სამართლის სკოლის სტუდენტები.
თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავალი იურისტების პროფესიული განვითარების პროცესში და ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური, პრაქტიკულად მომზადებული სამართლის სპეციალისტების აღზრდას.
