2025 წლის 17 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიმართა აკადემიკოს ავთანდილ არაბულის საჯარო ლექცია. განიხილეს: „სახელმწიფო ენის განვითარების პრობლემები თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით“.
მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა სახელმწიფო ენის თანამედროვე ტენდენციებისა და იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც აფერხებს ენის განვითარებას. აღინიშნა, რომ ენის პრობლემები საქართველოში, ძირითადად, ენის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობას, საზოგადოების ენობრივი კულტურის ამაღლებას, საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, რეგიონალური ენების მხარდაჭერას, სწავლების სირთულეებს, სახელმწიფო ენის მნიშვნელობის გააზრებას, ონლაინსივრცეში ქართული ენის ფუნქციონირებას, მცირე ენების მდგომარეობასა და ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას უკავშირდება. ენა არის ცოცხალი ორგანიზმი, მას ყოველთვის სჭირდება დაცვა და განვითარება და მასზე, უპირველესად, ახალგაზრდებმა, უნდა იზრუნონ. ენის სიწმინდის დაცვა განსაკუთრებით ბევრს აკისრებს ჟურნალისტებს.
სტუდენტებმა აკადემიკოსს დაუსვეს კითხვები პროფესიული ტერმინოლოგიის, დიალექტების, რეგიონული ენების შესახებ და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი - ნინო შოშიტაშვილი და პროფესორ -მასწავლებლები.
