გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, ქედას , სასტუმროში - “შატო ივერი“, გასვლითი ლექცია ჩატარდა.
ლექცია დაიგეგმა სტრატეგიული მენეჯმენტის სასწავლო კურსის ფარგლებში, შესაბამისად, განისაზღვრა საველე ლექციაზე განსახილველი თემაც: “სტრატეგიის შემუშავება და შერჩევა-განხორციელება“, რომელსაც დისციპლინის ლექტორი - გუგული თურმანიძე, უძღვებოდა.
გასვლით ლექციას უმასპინძლა „შატო ივერის“ დამფუძნებელმა და მფლობელმა, პროფესორმა როსტომ ბერიძემ, მან სტუდენტებს დეტალურად გააცნო სასტუმროს დაფუძნებისა და განვითარების ისტორია, სტრატეგიული გეგმის მომზადებისა და განხორციელების კომპონენტები, რისკები და გამოწვევები, სასტუმროს საქმიანობის სპეციფიკა, მომსახურების ხარისხი, სტანდარტები, ღვინის წარმოების ტექნოლოგია, დანადგარების სპეციფიკა, პერსონალის მართვის საკითხები, სტუმრებთან ურთიერთობის წესები და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს სასტუმრო, რესტორანი, ღია სამზარეულო, გაშენებული ვენახი, ღვინის დაყენების ტექნოლოგია და აუზის გარშემო მოწყობილი სივრცეები. ისაუბრეს საფასო პოლიტიკაზე სეზონურობისა და დატვირთულობის გავლენის შესახებ. კორპორაციულ და ინდივიდუალურ შეთავაზებებზე, შეხვედრების დაგეგმვისა და ორგანიზების თავისებურებებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე.
სტუდენტებს შეხვდა გენერალური მენეჯერი - ივერი ბერიძე, რომლის სახელსაც თავად სასტუმრო კომპლექსი და ადგილზე მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინო ატარებს.
ჩატარდა ღვინის დაგემოვნების მასტერკლასიც, რომელმაც სტუდენტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
გრუნის ბათუმის წარმომადგენლობა მადლობას უხდის სასტუმროს ხელმძღვანელობას მასპინძლობისთვის.