მეტაბოლურ და ბარიატრიულ ქირურგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი/სამიტი გრუნიში

მეტაბოლურ და ბარიატრიულ ქირურგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი/სამიტი გრუნიში


2025 წლის 24-25 იანვარს საქართველოში ჩატარდა ოქსფორდის საერთაშორისო ბარიატრიული კლუბის 62-ე და ევროპის 31-ე სიმპოზიუმი, საქართველოს მეოთხე ყოველწლიურ მეტაბოლურ და ბარიატრიულ ქირურგიულ სამიტთან ერთად.

 

ექიმთა მასშტაბურ საერთაშორისო შეკრებას მასპინძლობდნენ საერთაშორისო, ოქროს სტანდარტად აღიარებული - JCI აკრედიტაციის მფლობელი ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, ქირურგები და სამედიცინო სფეროს ექსპერტები საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან, ლიბანიდან.

 

24 იანვარს ამერიკულ ჰოსპიტალში ჩატარდა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი Live ოპერაციები, გაკეთდა ორი საჩვენებელი ოპერაცია პროფესორ კობა სახეჩიძისა და მისი გუნდის, ბაკურ არაბულისა და პროფესორ სურენდრა უგალეს მონაწილეობით. შემდეგ კი გაიმართა დისკუსია, განიხილეს: „ბარიატრიული ქირურგიის გამოწვევები“ თანამედროვე "ჭკვიანი საკერი აპარატების" გამოყენების სპეციფიკა და სიკეთე, "ოპერაციის ტიპის და საკერი აპარატის ფერის შერჩევის კრიტერიუმები", "მეტაბოლური ოპერაციის მოდიფიკაციები", „პაციენტის საექთნო პროცესების პერიროპერაციული მართვა“, „AHT JCI სტანდარტების ინოვაციური საექთნო სერვისები“ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

25 იანვარს სიმპოზიუმი/სამიტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაგრძელდა, რომელიც გახსნა ღონისძიების ორგანიზატორმა, გრუნის მედიცინის სკოლის პროფესორმა, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ზოგადმა ქირურგმა, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაცია მედეა - MIMA-ს დირექტორმა მანანა გოგოლმა. გახსნის ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ისაუბრა დარგის განვითარების, ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაცნობისა და მსგავსი სიმპოზიუმების გამართვის მნიშვნელობის შესახებ. მან მადლობა გადაუხადა უცხოელ სტუმრებს სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობისთვის. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მეტაბოლური და ბარიატრიული ასოციაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ გონჯილაშვილმა და ოქსფორდის საერთაშორისო კლუბის 62-ე, ევროპის 31-ე სიმპოზიუმისა და საქართველოს მეოთხე ბარიატრიული სამიტის თანაორგანიზატორმა, ოქსფორდის საერთაშორისო ბარიატრიული კლუბის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ჰარის ხვაჯამ.

 

სიმპოზიუმი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა. მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის შესახებ სიმპოზიუმზე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ მედიცინის სფეროს ქართველი და უცხოელი მეცნიერები: პროფესორი დავით აბულაძე, პროფესორი სურენდრა უგალე, პროფესორი ენდრიუ გამბსი, პროფესორი მადონა სეხნიაშვილი, პროფესორი მუსტაფა ალოუჩი, პროფესორი ვლადიმერ გონჯილაშვილი, მედიცინის დოქტორი გიორგი ზურაბაშვილი, მედიცინის დოქტორი ანა მიქაბერიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი ირაკლი გოგოხია. მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია: მაგნიტის გამოყენებით უნაკერო ანასტომოზების დადების პროცედურამ, ბარიატრიული ოპერაციების შემდგომი გართულებების მართვის საკითხებმა, როგორც ქირურგიული, ისე ნევროლოგიური და ნუტრიციოლოგიური მიმართულებით.

 

მოხსენებებს შორის გაიმართა დისკუსია, მონაწილეებმა ისაუბრეს მეტაბოლური პაციენტების ოპერაციული მკურნალობის უპირატესობებსა და ალტერნატიული თერაპიული საშუალებების გამოყენების ლიმიტების, მეტაბოლურ ქირურგიაში ხელოვნური ინტელექტის როლის, თანამედროვე რობოტული ქირურგიის შესაძლებლობების, ხელოვნური ინტელექტის მქონე ჭკვიანი აპარატებისა და მათი დანერგვის საჭიროების შესახებ. ასევე, განიხილულ იქნა წინადღეს ჩატარებული live ოპერაციების შედეგები, გამოითქვა სურვილი შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე.

 

სიმპოზიუმს ესწრებოდა 100 - მდე დელეგატი. სოციალურ მედიაში პირდაპირი გადაცემის მეშვეობით, სიმპოზიუმს თვალს ადევნებდა ბარიატრიული ქირურგიით დაინტერესებული მსოფლიოს წამყვანი კლინიკების 3000- მდე ექიმი.

 

სიმპოზიუმის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ 9 უპგ კრედიტქულიანი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები.