გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის „დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის, ცენტრს“ საერთაშორისო დელეგაცია სტუმრობდა, კერძოდ: თურქეთის მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე იაკუპ ერიკელი, აზერბაიჯანის მედიატორთა საბჭოს თავმჯდომარე ნადირ ადილოვი და ყაზახეთის მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჟანდილდა ჟაკუპოვი.
სტუმრებს უმასპინძლა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გრუნის პროფესორმა ირაკლი ყანდაშვილმა. ცენტრის ხელმძღვანელმა, მედიატორმა ნინა გერსამიამ სტუმრებს მედიაციის ცენტრის კონცეფცია და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, შეხვედრაზე განიხილეს და შეთანხმდნენ ერთობლივი თანამშრომლობის თაობაზე.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გახლავთ პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის საშუალება, სავალდებულო სახით ჩართო საბაკალავრო პროგრამებში და თავისი საქმიანობით მხარს უჭერს მედიაციის იდეის პრაქტიკულ რეალიზებას საქართველოში.