ახალგაზრდა მკვლევრის-თორნიკე მერებაშვილის, სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნდა

ახალგაზრდა მკვლევრის-თორნიკე მერებაშვილის, სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნდა

მიწის სამართლის სფეროს ახალგაზრდა მკვლევრისა და ექსპერტის, გრუნის მიწის სამართლის კვლევითი ცენტრის დირექტორის - თორნიკე მერებაშვილის, სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნდა.

  1. სამეცნიერო სტატია - THE BALANCE OF THE PRINCIPLES OF COMPETITIVENESS AND INQUISITORIALLY IN THE CONTEXT OF SECURING A CLAIM: A COMPARATIVE ANALYSIS OF GEORGIAN LEGISLATION, რომელიც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების საკითხებს, გერმანულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - DIZZW №87/2024, გამოქვეყნდა. მეცნიერული მიგნებები შედარებით-სამართლებრივი კვლევის მეთოდით გერმანიისა და აშშ-ს გამოცდილებას დაეფუძნა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალი ინდექსირებულია Ebsco-სა და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში და ქართველ მეცნიერთა ყოველი ასეთი წარმატება, საერთაშორისო ინტეგრაციასა და ინტერ და მულტიდისციპლინურ კვლევებს უწყობს ხელს.
  2. სამეცნიერო სტატია - The Importance of Surveyors and GPS Technology in Systematic Land Registration in Georgia: A Study of the Challenges and Opportunities, მაკედონიის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - European Scientific Journal Vol 20 No 20 (2024), გამოქვეყნდა. კვლევა მიწის საამზომველო საქმიანობის სამართლებრივ ასპექტებს შეეხება და ამ საკითხების შესახებ პირველი სამეცნიერო კვლევაა საქართველოში, რაც მიწის სამართლის კვლევითი ცენტრის უდავო წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ.

 

თორნიკე მერებაშვილი, გრუნის ახალგაზრდა მეცნიერი და ექსპერტი, 2022 წლიდან აქტიურად ეწევა აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. სადოქტორო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა და კვლევებს ახორციელებდა უნგრეთში, ეოტვოს ლორანდის უნივერსიტეტსა და პიტერ პაზმანის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ასევე, სტუმრობდა უნგრეთის ნოტარიუსთა პალატასა და პარლამენტს. 2023 წელს თორნიკე მერებაშვილი ბრატისლავაში, იან კომენსკის უნივერსიტეტში, განაგრძობდა კვლევით და სამეცნიერო საქმიანობას.

 

მისი მრავალწლიანი კვლევებისა და განხორციელებული პროექტების შედეგად დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ განამტკიცა მისი აკადემიური და პროფესიული კომპეტენცია. თორნიკე მერებაშვილმა ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში პირველად განახორციელა კვლევები გეოინფორმაციულ სისტემებსა და სამართალზე, ასევე, მიწის ამზომველის სამართლებრივ კონტექსტზე.

 

2024 წლის ოქტომბრიდან, ის იწყებს სწავლასა და კვლევებს აშშ-ში, ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტში, რაც კიდევ უფრო გააფართოებს მის შესაძლებლობებს მიწის სამართლის სფეროში.

 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლომდე გამოქვეყნდება თორნიკე მერებაშვილის წიგნი -„მიწის სამართალი“, რომელიც პირველია საქართველოში და ემსახურება დარგის განვითარებასა და დანერგვას საუნივერსიტეტო, სასწავლო სივრცეში.