იტვირთება...
მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებით, საინტერესო აქტივობებითა და სიახლეებით იწყებს.

 

ცენტრი სტუდენტებს კვლავ სთავაზობს შესაძლებლობას, განივითარონ ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების უნარები, მიიღონ ახალი გამოცდილება და აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტებში.

 

სამართლის სკოლის პირველკურსელებისთვის დაგეგმილი ყოველწლიური ტრენინგი წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება.

 

განსაკუთრებული ინტერესის გამო მედიაციის ცენტრი გრუნის საერთაშორისო სტუდენტებისთვის რიგით მეორე, ინგლისურენოვან, ტრენინგს ნოემბერში განახორციელებს.

 

დეკემბერში დაგეგმილია მასშტაბური, მეორე, უნივერსიტეტთაშორისი ტრენინგი: „მოლაპარაკების ხელოვნება, ეფექტური კომუნიკაცია, მედიაცია“.

 

ახალი სასწავლო წლიდან მედიაციის ცენტრში პირველად გაიხსნება დებატების კლუბი, რომლის მუშაობაშიც ჩართვა უნივერსიტეტის ყველა მიმართულების სტუდენტს შეეძლება. კლუბი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ საინტერესო დისკუსიებში, გაცვალონ მოსაზრებები და განიმტკიცონ კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტებული მსჯელობის უნარები.

 

დაგეგმილია ტრადიციული ვიზიტი ბათუმის წარმომადგენლობაში. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდება ინტერაქტიული ტრენინგი: „ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკება“.

 

ახალ სასწავლო წელს მედიაციის ცენტრი აქტურად იმუშავებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების მიმართულებით. უფროსკლასელებისათვის დაგეგმილი პრაქტიკული, სახალისო სწავლებით ხელს შეუწყობს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობის გააზრებას.

 

მედიაციის ცენტრის სხვა ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ინფორმაციას სტუდენტები ეტაპობრივად მიიღებენ.

 

ცენტრის საქმიანობაში ჩართვის მსურველი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად იმართება ღია კარის დღე. დაკავშირება და დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელფოსტით: eedr_mediation@gruni.edu.ge