გრუნი მეხუთე წელია წარმატებით თანამშრომლობს ტეხას A&M უნივერსიტეტთან კვლევითი პროგრამის - „Paths to Publication “, ფარგლებში.
ონლაინსწავლება „Paths to Publication“ მოიცავს სემინარებს, რომლებიც ეხება კვლევას, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებას, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ საკითხებს. სემინარებს მასპინძლობს ტეხას A&M უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო.
ლექციების სერია განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.
2026 წლის 10 სექტემბერს საშემოდგომო სესია პროფესორ ბევერლი ირბის ლექციით გაიხსნა. შეხვედრას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა. ლექციაზე: „რა სურთ იცოდნენ რედაქტორებს ყველა ავტორისგან“ — პროფესორმა ირბიმ მსმენელებს გააცნო რედაქტორების ძირითადი მოლოდინები, ხარისხიანი აკადემიური წერის პრინციპები და ის გავრცელებული შეცდომები, რომელთა თავიდან აცილება ავტორებს სამეცნიერო ტექსტის მომზადებისას შეუძლიათ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექსტის სიცხადეს, სტრუქტურას, არგუმენტაციის თანმიმდევრულობასა და რედაქტორის რეკომენდაციების სათანადოდ გათვალისწინებას.
სემინარის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესორისთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი კითხვები დაესვათ.
სემინარების მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს პროფესორი კეროლ მულენი გაუძღვება. შეხვედრა დაეთმობა თემას — „როგორ შევქმნათ მენტორთა ქსელი კვლევისა და პუბლიკაციისთვის“. შეხვედრაზე განხილული იქნება კვლევისა და აკადემიური პუბლიკაციისთვის ეფექტური მენტორთა ქსელის შექმნის, შესაბამისი მენტორების მოძიებისა და პროფესიული კავშირების განვითარების საკითხები.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ, ტეხას A&M უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა აღნიშნული შესაძლებლობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის და მონაწილეებს ნაყოფიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა