2026 წლის 5 სექტემბერს ტალინში წარმატებით დასრულდა ევროპული სამეცნიერო ქსელის - COST Action TraFaDy-ის, ოთხწლიანი პროექტი, რომლის მუშაობაშიც აქტიურად იყო ჩართული გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლელა გოგინავა.
მისი ინტენსიური სამეცნიერო თანამშრომლობის ორწლიანი პერიოდი გამოირჩევა ნაყოფიერი აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობით, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა პროექტის განვითარებაში, კერძოდ:
- საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციები: უცხოელ კოლეგებთან თანაავტორობით მომზადდა მნიშვნელოვანი ერთობლივი კვლევითი სტატიები და სამეცნიერო კრებულები, რომლებიც სიღრმისეულად იკვლევს მულტილინგვურ კლასებში მასწავლებელთა პრაქტიკას, მათ მედიატორულ როლს ტრანსნაციონალური ოჯახების ბავშვებისთვის და მიგრანტი ფონის მქონე სტუდენტების საგანმანათლებლო პოლიტიკის გამოწვევებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. მომზადებული სტატიები უახლოეს მომავალში პრესტიჟულ აკადემიურ ჟურნალებში გამოქვეყნდება;
- აკადემიური წარმომადგენლობა საერთაშორისო კონფერენციებზე: პროექტის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი კვლევების შედეგები წარდგენილ იქნა შვედეთსა და პორტუგალიაში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციებზე. აღსანიშნავია, რომ ლისაბონში ჩატარებულ სამეცნიერო ვორკშოპზე ლელა გოგინავა წარმოადგენდა ღონისძიების თანაორგანიზატორსა და სამეცნიერო კომისიის წევრს, ასევე, მოდერაციას უწევდა სესიას;
- პრაქტიკული სახელმძღვანელოების თარგმანი და ადაპტირება: მკვლევრის უშუალო ძალისხმევით, ქართულ ენაზე ითარგმნა მიგრაციის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორი ჩარჩო დოკუმენტი. მათგან უკვე ხელმისაწვდომია „ტრანსნაციონალურ ოჯახებთან მუშაობის ეთიკა - პრაქტიკული სახელმძღვანელო“. ამასთან ერთად, საქართველოს შესახებ მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი ეროვნული ანგარიშით: Policy Brief Live-In Country Reports;
- შემაჯამებელი ღონისძიება ტალინში: პროექტის დასკვნით კონფერენციაზე გამართულ გამოფენაზე ავტორმა ფართო საზოგადოებას წარუდგინა აკადემიური პოსტერი, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე — Not a Place, But a Presence: Four Journeys Home.
აღნიშნულმა პროექტმა საფუძველი ჩაუყარა არა მხოლოდ უდიდეს აკადემიურ გამოცდილებას, არამედ მყარ საერთაშორისო კავშირებსა და წამყვან უცხოელ მეცნიერებთან სამომავლო თანამშრომლობის ფართო პერსპექტივებს.
მოპოვებული საერთაშორისო აღიარება და გამოცდილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და უშუალოდ მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრისთვისაც. ევროპულ სამეცნიერო ქსელთან მჭიდრო, ნაყოფიერი, თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს კვლევითი ცენტრის ინსტიტუციურ პოტენციალს და ხელს უწყობს მის ინტერნაციონალიზაციას. ეს ყველაფერი ქმნის მყარ პლატფორმასა და ახალ შესაძლებლობებს უნივერსიტეტის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის, რათა ისინი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ მაღალი სტანდარტის მქონე ევროპულ კვლევით საქმიანობაში.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა