იტვირთება...
ლელა გოგინავა - ვარშავის მასშტაბური სამეცნიერო ფორუმის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლელა გოგინავა - ვარშავის მასშტაბური სამეცნიერო ფორუმის მონაწილე


2026 წლის 25-28 აგვისტოს ვარშავაში ევროპელ სოციოლოგთა ასოციაციის (ESA) მასშტაბური კონფერენცია გაიმართა. სოციოლოგიისა და მომიჯნავე მეცნიერებების სფეროში ESA ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული აკადემიური პლატფორმაა, რომელსაც წელს ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან 3000-მდე მონაწილე სტუმრობდა.

 

ამ პრესტიჟულ ფორუმზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი გახლდათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლელა გოგინავა. სესიაზე – „მიგრაცია და გენდერი სამხრეთ ევროპის საზოგადოებებში“, მან აუდიტორიას გაუზიარა სიღრმისეული ანალიზი საქართველოსა და სამხრეთ ევროპას შორის ცირკულარული მიგრაციის ტრაექტორიებში არსებული გენდერული პარადოქსებისა და სოციალური იძულების საკითხების შესახებ. გამოსვლამ საერთაშორისო კოლეგების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, რისი დასტურიც იყო ერთდროულად მიღებული ხუთი შეთავაზება ერთობლივი კვლევების განხორციელების თაობაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ESA-ს კონფერენციაზე წარსადგენად აბსტრაქტები გადის მკაცრ, ორმაგ ანონიმურ რეცენზირებას (peer review), სადაც მაღალი კონკურენციის პირობებში მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვლევები შეირჩევა. შესაბამისად, ასეთ მასშტაბურ ფორუმზე ქვეყნის ერთადერთ მომხსენებლად ყოფნა მკვლევრის უდიდესი პროფესიული აღიარებაა. ეს უზრუნველყოფს ქართული რეალობის ევროპულ სამეცნიერო დისკურსში ინტეგრირებას და ზრდის როგორც ავტორის, ისე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობას.