გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასრულდა საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტი „ხაზებს მიღმა - ახალგაზრდული დიალოგი მშვიდობისთვის საქართველოში“.
პროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულია, რომელშიც აშშ-ის 125 წამყვანი უნივერსიტეტი მონაწილეობდა.
ახალგაზრდულ პროექტს ხელმძღვანელობდნენ გრუნის აფილირებული პროფესორი ბელა კოპალიანი და დევიდსონის კოლეჯის (აშშ) სტუდენტი, ლუკა ჩიხლაძე.
პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას მშვიდობის მშენებლობის პროცესში. განათლების, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით ურთიერთნდობის, მშვიდობის, კულტურისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერებას.
ძირითადი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები პროექტის ერთადერთ პარტნიორ - გრიგოლ რობაქიძის - უნივერსიტეტში გაიმართა. სამდღიან სასწავლო-საგანმანათლებლო და ინტერაქტიულ სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდნენ დარგის ექსპერტები, პროფესორები: ბელა კოპალიანი, სალომე ხიზანიშვილი, ქეთევან ვასაძე, მერი გაბედავა.
სასწავლო კომპონენტთან ერთად, პროექტი ახალგაზრდებისთვის პრაქტიკულ და კულტურულ გამოცდილებასაც ითვალისწინებდა. პროექტის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებისთვის მოეწყო შემეცნებითი ტური „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მონაწილეებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
პროექტის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
პროექტში ჩართული ახალგაზრდების განვითარება გრძელვადიანი ახალგაზრდული სამშვიდობო პროგრამებითა და ინიციატივებით გაგრძელდება. მონაწილეების ინიციატივით, მომზადდება დოკუმენტური ფილმი, რომელიც მშვიდობის განათლების მიმართულებით გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო რესურსად.
„გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ პროექტის განხორციელება საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც მშვიდობისა და შერიგების პროცესის მხარდაჭერას ემსახურება“ - აცხადებენ ორგანიზატორები.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა