2026 წლის აგვისტოში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ Texas A&M უნივერსიტეტის პროფესორები: რეგენტი პროფესორი და განათლების ლიდერობის სფეროს საერთაშორისოდ აღიარებულ მკვლევარი, დოქტორი ბევერლი ირბი და საგანმანათლებლო პროგრამების - ELRC/CRDLLA, დირექტორი - დოქტორი ლინდა როდრიგესი.
ამერიკელი პროფესორების ვიზიტი ორი უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებასა და არსებული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას ემსახურებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, გრუნის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორების, მენეჯერებისა და მასწავლებლებისათვის: „საუბარი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების შესახებ - მდგრადი სასკოლო ლიდერობა“, რომელსაც უძღვებოდნენ დოქტორები ბევერლი ირბი და ლინდა როდრიგესი. განიხილეს: უნივერსიტეტებისა და სკოლების მდგრადი განვითარება, საგანმანათლებლო ლიდერობა და ის სტრატეგიები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში გრძელვადიანი ცვლილებებისა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
გრუნის რექტორთან, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან და რექტორის მრჩეველთან, ანა აბესაძესთან, შეხვედრაზე Texas A&M უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განიხილეს შემდგომი აკადემიური თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების განვითარების შესაძლებლობები. მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა Texas A&M უნივერსიტეტთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დოქტორ ბევერლი ირბის გადაეცა საუნივერსიტეტო მედალი - „ალმა-მატერის რჩეული“.
ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე ინსტიტუციის მზადყოფნა, გააგრძელონ საერთაშორისო თანამშრომლობა, ერთობლივი პროგრამებისა და ინიციატივების განვითარება.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა