იტვირთება...
ლევან მახაშვილის საჯარო ლექცია: „ აკადემიური კეთილსინდისიერება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლევან მახაშვილის საჯარო ლექცია: „ აკადემიური კეთილსინდისიერება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში“


გრუნიში ანტიპლაგიატის კვირეული გრძელდება. 11 ივნისს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპული კვლევების დოქტორმა, გრუნის მოწვეულმა პროფესორმა, ლევან მახაშვილმა, წაიკითხა საჯარო ლექცია: „აკადემიური კეთილსინდისიერება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში“.

 

ლექციაზე განიხილეს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობა, ის პრინციპები და სტანდარტები, რომლებზეც დაფუძნებულია თანამედროვე ევროპული უნივერსიტეტების აკადემიური კულტურა, ასევე, სტუდენტის პასუხისმგებლობა ხარისხიანი და ეთიკური აკადემიური საქმიანობის განხორციელების პროცესში.

 

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში აკადემიური კეთილსინდისიერების შენარჩუნების საკითხს. მომხსენებელმა ისაუბრა სწავლებისა და კვლევის პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების მზარდ როლზე. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, აკადემიური დამოუკიდებლობის, ავტორობის, წყაროების სწორად მითითებისა და ორიგინალური აზროვნების მნიშვნელობაზე.

 

ლექცია ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა. სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, დასვეს შეკითხვები ევროპული უნივერსიტეტების პრაქტიკის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური საზღვრებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

 

ღონისძიება ანტიპლაგიატის კვირეულის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ აკადემიური კეთილსინდისიერება წარმოადგენს ხარისხიანი განათლების, სამეცნიერო სანდოობისა და პროფესიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას, რომლის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების პირობებში.

 

შეხვედრას ონლაინ ესწრებოდნენ გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები.