გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ანტიპლაგიატის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საჯარო ლექცია: „ორიგინალურობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: აკადემიური კეთილსინდისიერების შენარჩუნება დღეს“.
ლექციას უძღვებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, პროფესორი მერაბ ტურავა და ახალგაზრდა მკვლევარი, დოქტორანტი ანრი ნიშნიანიძე, რომლებმაც სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ღონისძიების სხვა მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების პირობებში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწორ, პასუხისმგებლიან და ეთიკურ გამოყენებას საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში. აღინიშნა, რომ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დამხმარე ინსტრუმენტს, თუმცა მისი გამოყენება ვერ ჩაანაცვლებს სტუდენტის დამოუკიდებელ აზროვნებას, კრიტიკულ ანალიზსა და შემოქმედებით მიდგომას.
ლექციაზე განიხილეს: აკადემიური კეთილსინდისიერების ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის, ავტორობის პატივისცემა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, წყაროების სწორად მითითების მნიშვნელობა და პლაგიატის სხვადასხვა ფორმის პრევენცია, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალის კრიტიკული შეფასების აუცილებლობა და სხვა.
პროფესორმა მერაბ ტურავამ ისაუბრა სამართლებრივ და ეთიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ახლავს თან. მისი შეფასებით, აკადემიური კეთილსინდისიერება მხოლოდ უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნა არ არის — იგი წარმოადგენს პროფესიული ეთიკის, პიროვნული პასუხისმგებლობისა და საზოგადოების ნდობის საფუძველს. სწორედ ამიტომ, მომავალმა სპეციალისტებმა ცოდნა უნდა ააგონ დამოუკიდებელი შრომისა და პატიოსანი აკადემიური საქმიანობის პრინციპებზე.
დოქტორანტმა ანრი ნიშნიანიძემ სტუდენტებს გააცნო აკადემიურ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები და ისაუბრა იმ ზღვარზე, რომელიც გადის ტექნოლოგიის ლეგიტიმურ გამოყენებასა და აკადემიური არაკეთილსინდისიერების ფორმებს შორის. მისი განმარტებით, ხელოვნური ინტელექტი უნდა განიხილებოდეს როგორც დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს სწავლისა და კვლევის პროცესს, თუმცა ვერასოდეს შეცვლის ადამიანის ორიგინალურ იდეებს, ანალიტიკურ მსჯელობასა და შემოქმედებით პასუხისმგებლობას.
ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა დასვეს კითხვები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკასთან, აკადემიური წერის სტანდარტებთან, ციტირების კულტურასა და პლაგიატის პრევენციის თანამედროვე მექანიზმებთან დაკავშირებით. დისკუსიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს და საჭიროებს როგორც სამართლებრივი, ისე ეთიკური ცნობიერების ამაღლებას.
ანტიპლაგიატის კვირეული გრძელდება, რომლის ფარგლებში სტუდენტებისთვის დაგეგმილია პრაქტიკული სემინარები, საჯარო ლექციები, კონკურსები და სხვა აქტივობები, რომლებიც ემსახურება აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების მხარდაჭერას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა