იტვირთება...
გოჩა ოჩიგავას შემოქმედებითი საღამო გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გოჩა ოჩიგავას შემოქმედებითი საღამო გრუნიში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის დოქტორის, გრუნის ასოცირებული პროფესორის-გოჩა ოჩიგავას, შემოქმედებითი საღამო და მისი ლექსების ორი ახალი კრებულის პრეზენტაცია.

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსების გარდა, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა გოჩა ოჩიგავას ახალი მუსიკალური კომპოზიციები და დაეთვალიერებინა მისი ფერწერული ტილოები. მისი შემოქმედება გადმოგვცემს საინტერესო ამბებს, რომლებიც აფხაზეთის ომამდელ ცხოვრებას უკავშირდება.

 

შემოქმედებით საღამოზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა გრუნის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ: „...ეს კრებული გახლავთ პოეტურ ნაწარმოებებში განფენილი შემეცნება, ბავშვური სამყაროს შესანიშნავი გაცოცხლება, აფხაზეთთან სულიერი კავშირის არგაწყვეტისა და დაბრუნების უპირობო მხარდაჭერა...“.

 

მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ - მაყვალა გონაშვილმა, ასე შეაფასა გოჩა ოჩიგავას შემოქმედება: „უპირველესი, რითაც მხიბლავს გოჩა ოჩიგავას პიროვნება, მისი ძლიერი, დროშადქცეული სულია, მისი გაუტეხელი ბუნება, სუფთა გული. ამიტომ მჯერა მისი ყოველი სტრიქონის, ამიტომ მომწონს პოეტის უხინჯოდ გავლილი ცხოვრების გზა...“ .

 

საღამოს მეორე ნაწილს - თეატრალიზებულ წარმოდგენას, უძღვებოდნენ გოჩა ოჩიგავას შვილები, მსმენელზე სასიამოვნო შთაბაჭდილება დატოვა საქართველოს პატრიარქის ნათლულთა გუნდმა - „საგალობელი“.

 

შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ: გრუნის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თვალსაჩინო წარმომადგენლები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლები და სხვ.

 

გრუნის ახალგაზრდა მკვლევრების ლიტერატურულ-შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერისათვის მადლიერების სიგელები გადაეცათ: მაყვალა გონაშვილს, მანანა გორგიშვილსა და მაია მიქაბერიძეს.

 

გოჩა ოჩიგავას პოეტური კრებულები დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.