როგორ იცავს დასაქმებულის უფლებებს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება, დაქვემდებარებულ პირს მოსთხოვოს განცხადების დაწერა, რა მექანიზმები არსებობს დარღვეული შრომითი უფლებების დასაცავად, რა ვადით შეუძლია დამსაქმებელს, სტაჟირებაზე აიყვანოს ადამიანი უხელფასოდ და ა. შ. - ეს და სხვა საინტერესო კითხვები დასვეს მომავალმა ჟურნალისტებმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტთან, რაისა ლიპარტელიანთან, შეხვედრაზე.
როგორც გრუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, ნინო შოშიტაშვილმა, შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში ჟურნალისტების შრომით უფლებებს დაცვა განსაკუთრებით ესაჭიროება, რადგან უსასრულო სტაჟირებები, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობები, ზეგანაკვეთური და არაანაზღაურებადი მუშაობა ფაქტობრივად ჟურნალისტური საქმიანობის თანმდევი პროცესია.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტმა მწვავედ ისაუბრა ქალთა შრომითი უფლებების დაცვის პრობლემების შესახებ: „სახელფასო სხვაობა და ოჯახური ვალდებულებების გადანაწილება მთელს მსოფლიოში დიდი პრობლემაა, მაგრამ თუ ევროკავშირის ქვეყნებში ქალთა და მამაკაცთა სახელფასო სხვაობა ერთსა და იმავე პოზიციაზე 20 პროცენტია, საქართველოში ეს რიცხვი 32 პროცენტს აღწევს. ქალები ყოველკვირეულად 38 სამუშაო საათს უთმობენ არაანაზღაურებადი ოჯახური ვალდებულებების შესრულებას“.
შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს გრუნისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI