გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, გაზეთში „ახალი განათლება“ განათლების სისტემის რეფორმირების ეროვნულ კონცეფციას განიხილავს:
მამუკა თავხელიძე - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
წლების მანძილზე საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა მუდმივ რეფორმირებას განიცდის კონკრეტული დროის მოთხოვნებთან მიმართებით. ეს ბუნებრივიცაა. სისტემა მეტად მგრძნობიარეა ახალი სოციალურ-ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური ფაქტორებით წარმოქმნილი გამოწვევების მიმართ და თავად სცემს განგაშის ზარს, როდესაც უძრაობის მდგომარეობას გრძნობს. ეს დაგვანახა, რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა პროტესტმა, რომლებიც სწავლის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც ვთვლი, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმდენი სტუდენტის საგანმანათლებლო მომსახურებისთვის, რამდენსაც გასწვდება მისი ეკონომიკური შესაძლებლობა. თუ უმაღლესი განათლების სისტემის ოპტიმიზაცია ამგვარ მიდგომას ითვალისწინებს - ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. იყო დრო (90-იან წლებში), როცა კონკრეტული პროფილის უნივერსიტეტებმა დიამეტრულად განსხვავებული პროგრამების განხორციელება დაიწყეს. იმ პერიოდში ეს ამ უნივერსიტეტების გადარჩენას ნიშნავდა, მაგრამ დღეს, აღნიშნული პროგრამები, მათთვის, მხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორია საკუთარი პროფილის განვითარების გზაზე. თუ უნივერსიტეტი გამოკვეთს თავის ძლიერ მხარეს კონკრეტული მიმართულებით (მიმართულება არ ნიშნავს ერთ საგანმანათლებლო პროგრამას) და მომავალ სპეციალისტებს მიაწვდის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროდუქტს სწორედ ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ხარისხობრივად გაუმჯობესდება და ბევრად ეფექტიანი გახდება უმაღლესი განათლების სისტემა.
რამდენადაც ვიცი, რეფორმის ახალი კონცეფცია საყოველთაო განხილვის საგნად გამოცხადდა და, დარწმუნებული ვარ, ყველა შენიშვნა თუ წინადადება საფუძვლიანად იქნება შესწავლილი და მოიძებნება გადაწყვეტის ოპტიმალური გზები. ამ თვალსაზრისით, ალბათ, უნივერსიტეტებში უნდა გაიხსნას დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო, თუნდაც, რეფორმის ავტორთა მონაწილეობით და შეჯერებული მოსაზრებები დაედოს საფუძვლად უმაღლესი განათლების ახალ კონცეფციას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI