2025 წლის 21 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, ტუროპერეიტინგისა და საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების დისციპლინების ფარგლებში, მოეწყო სასწავლო - შემეცნებითი ტური იმერეთში, ოკაცეს კანიონზე.
ტურს ხელმძღვანელობდა ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, მაკა ფირანაშვილი. ტურის მომზადებაში მონაწილეობდნენ: ასოცირებული პროფესორი- მაია მელაძე და ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის თანაშემწე -თიკო რობაქიძე.
სტუდენტებმა დაათვალიერეს IX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის უბისის მონასტერი, რომელიც გამოირჩევა თავისი ფრესკული მხატვრობით, გაიარეს ოკაცეს კანიონის ბილიკის 3- საათიანი საფეხმავლო მარშრუტი - დადიანების ისტორიულ ტყე-პარკი და 780 მ სიგრძის კლდეზე კიდული ბილიკი, რომელიც პანორამული ულამაზესი გადასახედით სრულდება. კანიონზე დაგებული გამჭვირვალე იატაკი ტურს მეტ ექსტრემიზმს სძენს. სტუდენტებმა მოინახულეს კინჩხის შთამბეჭდავი სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერების კასკადიც.
სასწავლო-შემეცნებითი ტური დაიგეგმა სტუდენტების აქტიური მონაწილეობით, ახალგაზრდები პრაქტიკულად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების მართვისა და თემატური ტურების მოდელირების საკითხებს.
ტური განხორციელდა უნივერსიტეტის მხარდაჭერით.