2025 წლის 4 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა პროფესიული განვითარების სემინარი: „ეფექტური ლიდერობის სტრატეგიები სკოლის მართვისთვის“ სკოლის დირექტორებისათვის.
სემინარს უძღვებოდა დოქტორი ლარონ ჰეიმორი, განათლების ექსპერტი, McKinley Classical Leadership Academy-ის დირექტორი სენტ-ლუისიდან (მისურის შტატი), რომელსაც, როგორც პროფესიონალს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, "წლის საშუალო სკოლის დირექტორის" ტიტული. მისი სემინარი ეფუძნებოდა პირად გამოცდილებას, პროფესიულ გზას — მათემატიკის მასწავლებლობიდან სასწავლო პროგრამების სპეციალისტობამდე და შემდგომში - სკოლის ლიდერობამდე.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა თბილისისა და რეგიონის პარტნიორი სკოლების 20 დირექტორი.
ტრენინგზე განიხილეს:
- ურთიერთობებზე დაფუძნებული ლიდერობა: ჯანსაღი კავშირი სწავლების წინაპირობაა, ლიდერობის მოდელი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეთა, თანამშრომელთა და მშობლების საჭიროებების გაგებას.
- ინსტრუქციული ლიდერობა: მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის სტრატეგიებია: ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროგრამები და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლის მეთოდები;
- ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა: პრაქტიკული მაგალითები, როგორ გადალახა პროფ. ჰეიმორმა სისტემური გამოწვევები, დარჩა რა ერთგული მოსწავლეთა კეთილდღეობის მიმართ;
- თანამშრომლობა მშობლებთან და თემთან: ოჯახები არ უნდა განიხილებოდნენ მხოლოდ როგორც დაინტერესებული მხარეები — ისინი არიან პარტნიორები და "კლიენტები", რომლებთანაც ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული ნდობასა და ორმხრივ კომუნიკაციაზე.
- სიკეთეზე დაფუძნებული კულტურა: თანაგრძნობის ძალა სკოლის ლიდერობაში, ყურადღებიანი და მზრუნველი კულტურის დამკვიდრება;
- პრაქტიკული დასკვნები: „რა გსურთ, რომ თქვენს სტუდენტებს ან კოლეგებს გაახსენდეთ თქვენ შესახებ ხუთი წლის შემდეგ?“ — ეს დისკუსია დაეხმარება დირექტორებს გააზრებულად დაგეგმონ საკუთარი გრძელვადიანი გავლენა.
სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე. სემინარი დასრულდა ღია კითხვა-პასუხის სესიით.
ღონისძიება ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრის მიერ. ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.