გრუნის პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ გრძელდება.
2024 წლის 1 თებერვალს გაიმართა პროექტის მონაწილეების მეორე შეხვედრა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე- პრეზიდენტთან, გრუნის პროფესორთან - სოფიო კილაძესთან.
თბილისისა და რეგიონის მოსწავლეებმა, დავალების შესაბამისად, გუნდურად და ინდივიდუალურად წარმოადგინეს 60 პროექტი: გარემოს დაცვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის პრობლემების, განათლების ხელმისაწვდომობის, ქართული ფოლკლორის გაცნობის, სოციალურად დაუცველ მოზარდებთან მუშაობის, საქველმოქმედო, მოხალისეობრივი საქმიანობის, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სხვა საკითხების შესახებ. პროექტებს მოსწავლეები ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, გამოყენებით განახორციელებენ.
მოსმენა სამ ბლოკად გაიმართა და მასში 120 მოსწავლე მონაწილეობდა. სოფიო კილაძემ და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრის თანამშრომლებმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს პროექტები, მათი სრულყოფის მიზნით თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს მოზარდებს და პროექტების განხორციელების ვადად ერთი თვე განუსაზღვრეს.
საუკეთესო პროექტების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ბავშვთა კონფერენციაში: „ბავშვის უფლებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“, რომელიც 2025 წლის 10-12 მარტს გაიმართება. საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს.
პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ მესამე წელის ხორციელდება, მისი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვების დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ფორმირებას; სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების პატივისცემას; სხვაზე ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას.