ტეხას A&M უნივერსიტეტის პროგრამების დასრულების ცერემონია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას A&M უნივერსიტეტის პროგრამების დასრულების ცერემონია


2024 წლის 12 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურა ტეხას A&M უნივერსიტეტის ინგლისური ენის სპეციალისტთა გადამზადების - „TESOL “პროგრამის მეოთხე და კვლევითი სემინარების - „Paths to Publication “-ის მესამე ნაკადი. ორივე პროგრამა განხორციელდა ტეხას A&M უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში.

 

3-თვიანი TESOL პროგრამა, რომელსაც ტეხას A&M უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უწევს ადმინისტრირებას, შეიქმნა იმისათვის, რომ დაეხმაროს ქართველ ლექტორებს/მასწავლებლებს, განაახლონ ცოდნა სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის გაცნობით და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ, ასწავლონ ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, მეოთხე ეტაპზე საქართველოს რეგიონის სკოლების 12 მასწავლებელი დააფინანსა სრულად, სულ კი პროგრამის ფარგლებში გრუნიმ 36 მასწავლებელი მოამზადა.

 

პროფესიული განვითარების საერთაშორისო კვლევითი სემინარები - „Paths to Publication”, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო, მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ ლექციებს. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრში, გრუნის 60 ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი ჩაერთო პროექტში. ლექციებს უძღვებოდნენ ტეხას A&M - ის უნივერსიტეტის საუკეთესო სპეციალისტები.

 

პროგრამებს გრუნის მხრიდან კოორდინაციას უწევდა რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე.

 

პროგრამების დასრულებისა და სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი - ლიკა გუმბერიძე, უნივერსიტეტის რექტორი -მამუკა თავხელიძე, ონლაინ - ტეხას A&M უნივერსიტეტის ხელმძღვანელები: პროფესორი ბევერლი ირბი, განათლებისა და კვლევის სკოლის დეკანის მოადგილე; პროფესორი რაფაელ ლარა- ალესიო; კვლევისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, იოკ ჰანსონი; გრუნის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები; TESOL პროგრამის მონაწილე სკოლების პედაგოგები რეგიონებიდან.

 

რექტორმა მამუკა თავხელიძემ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა გრუნის ინგლისური ენის ექსპერტს, მაიკ მენსფილდს, თავდაუზოგავი შრომისა და წარმატებული პროექტებისთვის. ინგლისური ენის ექსპერტის უნივერსიტეტში ყოფნის ვადა ამოიწურა და ის ივლისის ბოლოს გაემგზავრება ამერიკაში.

 

ცერემონიის დასასრულს კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაიხადეს ამ შესაძლებლობისათვის. ტეხას A&M უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ქართველების წარმატებული მონაწილეობა პროექტში და შემდგომი წინსვლა უსურვეს თითოეულ მათგანს.

 

პარტნიორობის ფარგლებში გრუნი განაგრძობს თანამშრომლობას ტეხას A&M უნივერსიტეტთან და გეგმავს მემორანდუმის განახლებას.

 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრი.