2024 წლის 10-12 მაისს ბათუმში, სასტუმრო შერატონში, კომპანია Expo Batum-ის ორგანიზებით, გაიმართა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა - EBIT 2024.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების თბილისის და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები, ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილთან ერთად, დაესწრნენ გამოფენას, რომელშიც 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანი იყო, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თემურ ზოიძის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო გამოფენის საორგანიზაციო პროცესშიც იყვნენ ჩართული, აქტიურად მონაწილეობდნენ გამოფენის ქოლცენტრის საქმიანობაში. გამოფენის დაწყებამდე ისინი შეხვდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს თინათინ ზოიძეს. საინტერესო იყო შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ქალაქ ბათუმში, რიზა ქაან ილმაზთან. გამოფენის დასრულების შემდეგ სტუდენტებისათვის დაიგეგმა შემეცნებითი ტური.
სტუდენტები დაესწრნენ პრეზენტაციას მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შესახებ, სადაც მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესეო საკითხების შესახებ.
სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილებაა. ისინი გაეცნენ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენის მომზადებისა და გამართვის სპეციფიკასა და ტურისტული პროდუქტის წარმოდგენის ტექნოლოგიას.