„დაუვიწყარი დღე“ - ასეთ შეფასებას აკეთებდა 2024 წლის 30 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელთა მედიაციის საუნივერსიტეტო კონკურსის ყველა მონაწილე - ჟიურის წევრები, პროექტის ხელმძღვანელები, გრუნის წარმომადგენლები, სტუდენტები და რაც მთავარია, ფინალში გასული მოსწავლეებიც. კონკურსში მონაწილე მოსწავლე-მედიატორთა პრეზენტაციები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ 7-კაციან ჟიურის გამარჯვებულის გამოვლენა საკმაოდ გაუჭირდა და დაგეგმილი 6 –ის ნაცვლად, ფინალში 8 მოსწავლე ვიხილეთ. შეიცვალა გამარჯვებულთა რაოდენობაც და პრიზებიც - ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად ერთის ნაცვლად სამი მოსწავლე: ნუცა მარგიანი (თბილისის მწვანე სკოლა), სალომე ხურცილავა (რუსთავის მე-18 სკოლა) და ონისე ფიცხელაური (დუშეთის პირველი სკოლა) დასახელდნენ. რექტორ მამუკა თავხელიძის პირადი გადაწყვეტილებით კი, სამივე მათგანს სერტიფიკატთან და პრიზებთან ერთად, 100%-იანი საუნივერსიტეტო გრანტი გადაეცათ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა შორის, სამართლის გარდა, იყვნენ სტომატოლოგიის, ბიზნესის, ჟურნალისტიკის, ფსიქოლოგიისა და საჯარო მმართველობის სპეციალობით დაინტერესებული ახალგაზრდებიც. მონაწილეთა მენტორი-სტუდენტებიც სხვადასხვა ფაკულტეტიდან შეირჩა. კონკურსს ორგანიზებას უწევდა გრუნის სამართლის სკოლა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრის ხელმძღვანელი ნინა გერსამია.
„ფინალისტრების გამოსვლებმა ცნობილი ფრაზა გამახსენა და ჩემი ინტერპრეტაციით გავიმეორებ - აჩვენეთ ეს ნიჭიერი, ჭკვიანი, თავისუფალი ბავშვები მსოფლიოს და ომი ნამდვილად აღარ იქნება! დღეს, მსოფლიოში მედიაციის, კომპრომისის, შერიგების უნარების გამომუშავება გარდაუვალი აუცილებლობაა და მისი მეცნიერული და პრაქტიკული შესწავლა, ახალგაზრდების პროფესიულ დაოსტატებას, ამასთანავე, მედიაციის იდეის გავრცელებასა და დანერგვას დაეხმარება. სწორედ ამიტომ მიიღო თავის დროზე უნივერსიტეტმა ახალგაზრდებში დავის რეგულირების ახალი მექანიზმის პოპულარიზაციის გადაწყვეტილება. წლიდან წლამდე პროექტი უფრო მასშტაბური ხდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი მატულობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი დღე საქართველოში ბევრად უკეთესი და ჰუმანური იქნება“, - განაცხადა მამუკა თავხელიძემ და კიდევ ერთი ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა - დარჩენილ 5 ფინალისტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 50-50%-იანი საუნივერსიტეტო გრანტი ექნება. რექტორს არც ის მოსწავლეები დარჩენია უყურადღებოდ, ვინც ფინალისტებს მედიაციის იმიტირებულ პროცესში დაეხმარა და მხარეების როლი მოირგო - მამუკა თავხელიძემ მათ ამერიკელი ენის ექსპერტის - მაიკ მენსფილდის, პრაქტიკული ინგლისურის კურსი შესთავაზა.
მედიაციის კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გრუნის პროფესორმა, ჟიურის წევრმა ირაკლი ყანდაშვილმა: „მოხარული ვარ, რომ გრუნი, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, მედიაციის ერთ-ერთი უმთავრესი კერაა. მედიაცია ცხოვრების წესია, ამდენად, მნიშვნელობა არ აქვს ეს მოსწავლეები რა პროფესიას აირჩევენ. ის უნარები, რაც მედიატორს გააჩნია და რაზეც დგას მედიაცია - მიმღებლობა, შემწყნარებლობა, მოსმენის კულტურა, შეთანხმების უნარი... ამ ახალგაზრდებსაც გამოადგებათ ცხოვრებაში“. მისივე გადაწყვეტილებით, პროექტში ჩართულ სამ სტუდენტ - მენტორს ირაკლი ყანდაშვილის სახელობის სტიპენდია გადაეცა.
შვიდკაციანი ჟიურის შემადგენლობაში, გრუნის წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი ნინო ქაშაკაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პროფესორი მერაბ ტურავა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი. თითოეულმა მათგანმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს იმის გამო, რომ სასწავლებელი წლებია ხელს უწყობს მედიაციის განვითარებას, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების ძიებასა და პოპულარიზაციას, პროექტი მოსწავლეებისთვის არის თვითგანვითარების, პროფესიის არჩევისა და შესაძლებლოობების მაქსიმალურად გამოვლენის ერთგვარი სტიმული.
პრიზებისა და 100%-იანი გრანტის გარდა, რა მისცა მედიაციის პროექტმა მონაწილე უფროსკლასელებს? - ამ კითხვაზე ფინალში სამივე გამარჯებულს თითქმის იდენტური პასუხი აქვს. ნუცა მარგიანი, სალომე ხურცილავა და ონისე ფიცხელაური მოულოდნელი პრიზების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავენ, კონკურსის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ აუმაღლდათ ცნობიერება მედიაციის და დავების გადაჭრის შესახებ; მიხვდნენ, რომ ზოგადად, პრობლემის მოგვარება ჰუმანურ, ადამიანურ თვისებებზეა დამოკიდებული; დღეს შედარებით უკეთ ხვდებიან სად, რომელ პროფესიაში ხედავენ თავს; მეტად ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობების; მეტად თავდაჯერებულები გახდნენ და რაც მთავარია - დაიჯერეს, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ!