მიმდინარე წლის 21-22 თებერვალს სასტუმრო Holiday Inn- ში გაიმართა საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის შედეგების განხილვა.
2022 წლის თებერვლიდან გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა (DAAD) დაიწყო ევროკავშირის NEAR (Neighborhood and Enlargement Negotiation) გენერალური დირექტორატის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის” (GRM) პროგრამის განხორციელება, რომელიც სრულდება მიმდინარე წლის მარტში.
პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციას და ევროპის კვლევით სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას; ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს მკვლევრებს (მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერებს) შორის პროფესიული თანამშრომლობის წახალისების მიზნით მათი მობილობის მხარდაჭერას და ასევე, საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებების, კვლევითი უნივერსიტეტების, კვლევის დამფინანსებელი ინსტიტუციებისა და კვლევებში ჩართული მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერებას.
GRM პროგრამის ფარგლებში განხორციელდა კვლევითი, საშუალო ვადიანი მობილობის პროგრამის ადმინისტრირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვლევით ინსტიტუციებში, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთაშორისო გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინტერინსტიტუციური ქსელის გაფართოების მიზნით, რის შედეგების გავრცელებასაც ისახავდა მიზნად აღნიშნული ღონისძიება.
ორდღიან შეხვედრებსა და განხილვებში (პოლიტიკისა და სამართლის მიმართულებით) მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ოჩიგავამ, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა კითხვები დაესვა DAAD-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის გებჰარდ რეულისათვის, ასევე, ევროკავშირის მობილობის პროგრამის გუნდის ლიდერის პიტერ დებრეცენისათვის და მიეღო მათგან ამომწურავი ინფორმაცია.
საანგარიშო პრეზენტაციების დროს აღინიშნა ის ფაქტი, რომ პროგრამაში ჩართულობის კუთხით ყველაზე მეტად აქტიურობდნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლები.
ღონისძიების ერთ - ერთმა ორგანიზატორმა და ასევე, მოდერატორმა, ნინო გაჩეჩილაძემ იმედი გამოთქვა, რომ ზემოაღნიშნული სამეცნიერო პლატფორმა მომავალშიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის და რომ სიამოვნებით იხილავდა ახალ აპლიკანტთა შორის გრუნის წამომადგენლებსაც.
აღსანიშნავია, რომ DAAD - ის კვლევითი/სასწავლო სტიპენდიები სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ გრუნის სამართლის სკოლის დოქტორანტ ია ხურციძეს, პროფესორ ანა ფირცხალაშვილს, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მაგისტრანტ სოფო წიკლაურს, სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტ ქეთი ნიკოლაძეს, სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს გიორგი მირიანაშვილს.