ტრენინგი სკოლის დირექტორებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი სკოლის დირექტორებისათვის


2023 წლის 3-5 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან ერთად განახორციელა ორი უპრეცედენტო პროექტი: კვლევითი სემინარები ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისათვის და „განათლების ლიდერობის ჩარჩო“ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გასაძლიერებლად.

 

ორივე პროექტი სპეციალურად გრუნისთვის მოამზადა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის განათლების ლიდერობის კვლევითმა ცენტრმა.

 

2023 წლის 4-5 ნოემბერს თბილისის, ქუთაისის, ზესტაფონის, საჩხერის, თერჯოლის, ჩხოროწყუს, გორის, ჭიათურის, წყალტუბოსა და სენაკის კერძო და საჯარო სკოლების 50-მდე დირექტორი მონაწილეობდა პროექტში.

 

ტრენინგს უძღვებოდა უნივერსიტეტის მიერ საგანგებოდ მოწვეული ამერიკელი პროფესორი, ტეხას ა&მ უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი, მეთიუ ეტჩელსი.

 

ორი დღის განმავლობაში სკოლების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ლიდერობის უახლეს კვლევებსა და პრაქტიკას, გაეზიარებინათ ამერიკული გამოცდილება, სწავლაზე ორიენტირებული მიდგომა და ესაუბრათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: სკოლის ორგანიზაციული ხელმძღვანელობა და სასკოლო კულტურის შექმნა; სტრატეგიული კრეატიული ლიდერობა; ხედვა, მისია და მიზნები სასწავლო საზოგადოებაში; კონფლიქტების მოგვარება; შეფასება და სკოლის საჭიროებები; მონაცემთა მართვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

ტრენინგი ინტერაქტიური იყო, დირექტორებმა ამერიკელ პროფესორთან ერთად განიხილეს სკოლების გასაძლიერებლად აუცილებელი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღეს რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებასა და მოსწავლეთა განვითარებას.

 

ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან ორწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მეთიუ ეტჩელსი დააჯილდოვა საუნივერსიტეტო მედლით „ალმა მატერის რჩეული“.

 

ტრენინგმა დირექტორების დადებითი შეფასება დაიმსახურა:

 

„ტრეინინგი იყო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი. საინტერესო იყო აქცენტები ამერიკული განათლების სისტემაზე, სკოლის ხედვის, მისიისა და მიზნების ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაცია, ასევე, სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება, შენარჩუნება და ლიდერობის გააზრება. მადლობას ვუხდი მეთიუ ეტჩელსს ასეთი სრულყოფილი ტრენინგისათვის. ასევე, უნივერსიტეტის უნიჭიერეს გუნდს ასეთი ორგანიზებისა და საუცხოო მასპინძლობისათვის“ - ლელა კირკიტაძე, ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი;

 

„ტრენინგზე მიღებული ცოდნა უდავოდ ღირებულია და მეტად საჭირო სკოლის ავტორიზაციის ეტაპის ღირსეულად გასავლელად. გულითად მადლობას გიხდით მეტად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების ინიცირებისა და მასპინძლობისათვის. გრუნი! დარჩით ასეთივე სასურველი და წარმატებული“ - ეკატერინე ენდელაძე, თბილისის 142- საჯარო სკოლის დირექტორი.

 

„ტრენინგი ჩატარდა კომფორტულ გარემოში და იყო ძალიან საინტერესო. მივიღე ახალი ცოდნა. პროფესიული განვითარების პროგრამიდან ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო: „აპექსის“ სისტემა, სადაც უკუკავშირს ადვილად იღებენ განმანათლებლები და მოსწავლის განათლების თანმიმდევრული გაყოლა ყველა მიმართულებით“ - მარინე დემეტრაშვილი, თბილისის 107-ე სკოლის დირექტორი;

 

„მნიშვნელოვანი იყო იმ სქემების განხილვა, რომელთა გამოყენებით უფრო ნათლად და სასკოლო საზოგადოებისათვის ხილულად წარიმართება სიახლეების დანერგვა-განვითარება. ასევე, ძალიან საინტერესო იყო გამოცდილების გაზიარება, რომელიც დაგროვდა ევროპული და ამერიკული განათლების სისტემაში, კერძოდ, ეიჩარის მიმართულებით, რადგან, სწორი მენეჯმენტი საქმის კარგად შესრულების საწინდარია“ - ნესტან სიხარულიძე, ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი;

 

„პროგრამა ძალიან საინტერესო და ამომწურავი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდით ბატონ მეთიუს და უნივერსიტეტს! ვისურვებდი, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები იყოს მრავალჯერადი“ - ლალი სალდაძე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა - ლიცეუმის დირექტორი;

 

„საინტერესო იყო ლიდერობის უახლესი კვლევებისა გაცნობა და გამოცდილების გაზიარება“- ცირა ბრეგვაძე, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი;

 

„უცხოური სკოლების გამოცდილების გაზიარება, ყოველთვის არის სიახლე ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის. შესაბამისად, სასკოლო კულტურის, სასკოლო იერარქიისა და საკანონმდებლო ნაწილების კუთხით, ჩვენი შეხვედრა ნამდვილად იყო სიახლე ქართულ სასკოლო სივრცეში და პირადად ჩემთვისაც “ - ნუნუ კაპანაძე - თბილისის 138-ე საჯარო სკოლის დირექტორი.

 

პროექტს ხელმძღვანელობდნენ: გრუნის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი, მერი ლომია და რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე.