27 და 28 ოქტომბერს გრუნის, საქართველოსა და პორტუგალიის (ბეჟა) ტექნიკური უნივერსიტეტების, საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები.“
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ, თავის გამოსვლებში აღნიშნეს, კონფერენცია აკავშირებს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევების ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ბუნებრივი რესურსები, ტურიზმი, ეკონომიკური განვითარება და ამდენად, განუზომლად დიდი ამგვარი შეკრებების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და ეხმაურება მსოფლიო გლობალურ პრობლემებს, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და თავისი შინაარსით მულტიდისციპლინურ ხასიათს ატარებს.
საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთევან ქოქრაშვილი; საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი, ალექსანდრე ონოფრიშვილი; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ალექსანდრე დიდებულიძე; თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ვახტანგ ლომჯარია. ასევე, პორტუგალიის ტექნიკური უნივერისტეტის აგრარული სკოლის დეკანი, პროფესორი მარია ჯოაო კარვალო, უკრაინისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
საკონფერენციო მუშაობა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგინეს, სამ სექციად გაგრძელდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორები: გივი ყუფარაძე, ოთარ გერზმავა, ნიკო კვარაცხელია, მაკა ფირანაშვილი, მაია მელაძე, გიორგი გოგიტიძე.
მაკა ფირანაშვილი უძღვებოდა მე-2 სესიას და ამავდროულად, წარმოადგინა სამეცნიერო ნაშრომი: „სურამის ტურისტული პოტენციალი და კურორტის კლასტერად ჩამოყალიბების შესაძლებლობები და პერსპექტივები“, მაია მელაძემ - „ციფრული ტექნოლოგიები მდგრადი ტურიზმისთვის: მინერალური წყლების მიმართულებები საქართველოში“, ნიკო კვარაცხელიამ - „საზღვაო ტრანსპორტი ლურჯი ეკონომიკის მნიშვნელოვანი საყრდენი“, გიორგი გოგიტიძემ - „კურორტ წყალტუბოს მდგრადი განვითარების პერსპექტივები“, ოთარ გერზმავამ - „სამედიცინო ტურიზმში ტრანსსასაზღვრო პარტნიორობის პროგრამების განხორციელების ძირითადი ტენდენციები: წარსული, აწმყო, მომავალი.“
კონფერენციის მონაწილეებისთვის ჩატარდა გასვლითი ტური კოჯორში, ველნეს კურორტ ბიოლში.