GRUNI-ში აღმოსავლეთ ევროპის პირველი სტუდენტური საინვესტიციო ფონდი გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


GRUNI-ში აღმოსავლეთ ევროპის პირველი სტუდენტური საინვესტიციო ფონდი გაიხსნა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საბროკერო კომპანია “Traders’ Hub“-თან პარტნიორობით, გაიხსნა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში პირველი სტუდენტური საინვესტიციო ფონდი.

 

აღნიშნული ინიციატივა GRUNI-ს სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ივაჭრონ ნიუ-იორკის (NYSE) საფონდო ბირჟაზე არა სიმულაციურ, არამედ რეალურ რეჟიმში, ნამდვილი ანგარიშებით და ნამდვილ დროში. ყოველკვარტლური ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. მიღებული მოგება კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი ბრიტანულ-ქართული გამოცდილების ნაზავია და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პრაქტიკას გაუზიარებს ქართველ ახალგაზრდებს. პროექტში ჩართვის შესაძლებლობა სტუდენტების გარდა ექნებათ სკოლის მოსწავლეებსაც და სხვა დაინტერესებულ პირებსაც.

GRUNI Trading Lab-ის გახსნას ესწრებოდნენ სამეცნიერო, სამთავრობო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე და სხვები.

 

სტუნდენტურ საინვესტიციო ფონდს გამოცდილი ტრეიდერი, ტრეიდერთა ჰაბის დამფუძნებელი, 2023 წლის არაბული ტრეიდინგ ჩემპიონატის გამარჯვებული და ამავე მიმართულებით დიდ ბრიტანეთში მრავალწლიანი სამუშაო და სასწავლო გამოცდილების მქონე - რატი ქირია, უხელმძღვანელებს.

 

პროექტის იდეის ავტორები უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი პროფესორი ვახტანგ ჭარაია არიან. გრუნი აგრძელებს სიახლეების დანერგვას და კიდევ არაერთ საინტერესო ინიციატივას შესთავაზებს სტუდენტებსა და მოსწავლეებს.