2023 წლის 24 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრმა 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - მამუკა თავხელიძე, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი - გიორგი ჩხეიძე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე- ირაკლი ყანდაშვილი, რექტორის მოადგილეები: გიორგი მირიანაშვილი და გულიკო გალდავა, მედიატორები და სამართლის მიმართულების სტუდენტი-მედიატორები ესწრებოდნენ.
ცენტრის საქმიანობა შეაჯამა მისმა ხელმძღვანელმა - ნინა გერსამიამ. აღინიშნა, რომ გრუნი მხარს უჭერს საქართველოში არასასამართლო მედიაციის მექანიზმის ეფექტურ ამოქმედებას, რომელიც ეხმარება სამოქალაქო კატეგორიის მოდავე მხარეებს, გვერდი აუარონ სამართალწარმოებასა და ურთიერთობების შემდგომ გართულებას, უზრუნველყოფს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას და ხელს უწყობს ხარისხიანი მართლმსაჯულების რეალიზების საქართველოში. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პირველი პროექტი, რომელიც უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა, გახლდათ ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ ბენეფიციარების უფასო მომსახურების პროექტი. საანგარიშო პერიოდში განხილულ იქნა 12 საქმე, რომლებიც, პრაქტიკოსი მედიატორების მონაწილეობით, შეთანხმებით დასრულდა. უნივერსიტეტის სტუდენტები დამკვირვებლის სტატუსით იყვნენ ჩართული რეალური მედიაციის პრაქტიკულ წარმოებაში და მიიღეს უმნიშვნელოვანესი პრაქტიკა. მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელმა, გრუნის დოქტორანტმა და მედიატორმა - ნინა გერსამიამ, უზრუნველყო ყველა პროცესის ეფექტურად წარმართვა და წარმატებით დასრულება.
ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში ცენტრმა განახორციელა Teen Academy- ის მედიაციის პროექტი: მოამზადა და ჩაატარა იმიტირებული მედიაციის პროცესი და გამოავლინა მომავალი მედიატორი; გამოსცა ქართული და ინგლისურენოვანი ბუკლეტები მედიაციის შესახებ; ჩაატარა კვლევა ცენტრის ცნობადობის ასამაღლებლად და კმაყოფილების შესასწავლად.
ასევე, საანგარიშო პერიოდში დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი: ტრენინგი „მედიაცია - მოლაპარაკების ხელოვნება“ დაინტერესებული სტუდენტებისათვის, რომელიც 13 ივნისს გაიმართება თბილისში, 14 ივნისს კი - ბათუმში; მედიატორთა მრგვალი მაგიდა სტუდენტთა მონაწილეობით; კაზუსთა კრებულისა და მედიაციის გზამკვლევის მომზადება და სხვა.
უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ დადებითად შეაფასეს ცენტრის საქმიანობა და ხაზგასმით აღნიშნეს საუნივერსიტეტო სივრცეში ამგვარი სტრუქტურის ფუნქციონირების განუზომლად დიდი მნიშვნელობა მომავალი სპეციალისტებისა და პრაქტიკოსი მედიატორების მოსამზადებლად.