2023 წლის 12 მაის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები ლადო ჭანტურია და ტიმ ეიკე სტუმრობდნენ.
მოსამართლეების საჯარო ლექცია-დისკუსია სტუდენტებთან გაიმართა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამისა და მართლმსაჯულების სახლის მხარდაჭერით. დისკუსიისთვის მზადების ორგანიზება უზრუნველყო გრუნის სამართლის სკოლამ, ბიბლიოთეკამ და სტუდენტურმა თვითმმართველობამ. შეხვედრას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გრუნის თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის, ასევე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, მათი პროფესორ-მასწავლებლები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები; რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტობის ნაწილი ჩაერთო ონლაინ.
მოსამართლეებმა სტუდენტების წინაშე წარადგინეს ორი საკითხი:
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ - უახლესი პრაქტიკა;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეებმა განიხილეს კონკრეტული საქმეები, სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და გააცნეს ის სტანდარტები, რომლითაც ხელმძღვანელობს ეს ინსტიტუცია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისას.
საკითხის განხილვის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი.
„აკადემიურ სივრცეში ასეთი ტიპის შეხვედრა უმნიშვნელოვანესია. ევროპული სასამართლოს სამოსამართლო სამართალი ძალიან მდიდარია, საქართველოს მიმართ საინტერესო სამუშაო პრაქტიკა არსებობს, ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა მეცნიერთა წრეებში, იურისტებთან, სტუდენტებთან ხელს შეუწყობს ევროპული კონვენციის პოპულარიზაციას, ახალი თაობის იურისტების მომზადებას, ვინაიდან ჩვენი ოჯახი, ჩვენი მომავალი არის ევროპაში.
ფრიად კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით იმიტომ, რომ ყველა შეკითხვა, რომელიც სტუდენტებმა დასვეს, იყო საქმიანი, კომპეტენტური, საინტერესო და ამჟღავნებდნენ ღრმა ცოდნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი სამოსამართლო პრაქტიკის შესახებ“ - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
„სტუდენტებთან დისკუსიის გამართვის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ დავრწმუნდეთ, რამდენად გასაგებია კონვენცია ყველასთვის. მე ფაქტობრივად ვიცავ იმ უფლებებს, რომლებიც ჩვენ ყველას გვაქვს, როგორც ინდივიდებს, განურჩევლად ქვეყნებისა, სასარგებლოა იმის გაგება, თუ რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენი უფლება, რათა თითოეული მონაწილე დარწმუნდეს, რომ ისინი დაცული არიან...“- განმარტა ტიმ ეიკემ.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აღნიშნა: „ პირადად ესაუბრო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს თითოეული სტუდენტისათვის არის პროფესიული ზრდის, განვითარების, უახლესი პრაქტიკის გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობა, რომლის პატივიც წილად ხვდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს. ეს გამორჩეული და უპრეცედენტო, შეიძლება ითქვას, ისტორიული შეხვედრა იყო...“
შეხვედრა-დისკუსიაში მონაწილეობდნენ: მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელი ეკა ბესელია და USAID-ის წარმომადგენელი მარიამ ვარდოსანიძე.