„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ – ასე ეწოდება ახალ მულტიდისციპლინურ პერიოდულ გამოცემას, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიგვავა - ბატიაშვილის იურიდიული ფირმისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით დაარსდა. ჟურნალის პირველი ნომერი უკვე გამოიცა, მისი პრეზენტაცია რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც სამედიცინო და იურიდიული წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჟურნალის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მედიცინაში არსებული სამართლებრივი გამოწვევების დასაძლევად, პაციენტის უფლებებისა და ექიმის პროფესიული და პირადი თავისუფლების დასაცავად. ჟურნალის კონცეფციაში ნათქვამია, რომ სამედიცინო სამართალი და სამედიცინო მენეჯმენტი - ეს ინტერდარგობრივი სფეროები, შეიძლება განვითარდეს მხოლოდ ორივე პროფესიის წარმომადგენელთა თანამშრომლობით.
„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ მიზნად ისახავს სამედიცინო სამართალისა და მენეჯმენტის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სტატიების მომზადებას, კონკრეტული, აქტუალური სამედიცინო სამართლებრივი საქმეების დამუშავებას, სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალისათვის უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების კონცეფციის შექმნასა და სხვა.
სტატიებზე იმუშავებენ სამედიცინო და იურიდიული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, პრაქტიკოსი ექიმები და იურისტები. ჟურნალის ავტორთა განცხადებით, სამეცნიერო აქტივობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება სხვადასხვა სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოსთან ურთიერთობის სტრატეგიისა და კონკრეტული მოდელების შემუშავება.
„ჟურნალი უნდა გახდეს იურისტებისა და მედიკოსების სამაგიდო ჟურნალი და პოპულარიცაზია უნდა გაუწიოს იმ ინიციატივებს, რომლებიც კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწას შეუწყობს ხელს. შედეგად, იგი გახდება კიდევ უფრო მორგებული როგორც პაციენტზე, ისე ექიმზე და თანაბრად დაიცავს მათ უფლებებს“, - აღნიშნა მამუკა თავხელიძემ.
ჟურნალის მთავარი რედაქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ნუნუ კვანტალიანი ამბობს, რომ სამედიცინო სამართალი ყველა განვითარებულ ქვეყანაში ცალკე ჩამოყალიბებული დარგია, ჩვენს ქვეყანაში კი ნაკლებია კვლევები სამედიცინო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით და ამდენად, ასეთი ჟურნალის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
ჟურნალის გამოცემაში საკმაოდ დიდი როლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეასრულა, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც ინტელექტუალური რესურსით, ისე იმ გამოცდილებითა და სამეცნიერო კონტაქტებით, რომლებიც უნივერსიტეტს გააჩნია. თსუ-ს პროფესორი და ჟურნალის მთავარი რედაქტორი გია ხუბუა ჩვენთან ინტერვიუში ჟურნალს აღწერს როგორც სადისკუსიო პლატფორმას, სადაც როგორც იურისტები, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები წარმართავენ აქტიურ დისკუსიას იმ გამოწვევებზე, იმ თანამედროვე მოთხოვნებზე, რომლებიც სამედიცინო სამართლის წინაშე დგას.
პრეზენტაციას არაერთი წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელი ესწრებოდა, რომლებიც საკუთარ გამოსვლებში ხაზს უსვამდნენ მსგავსი შინაარსის პუბლიკაციის არსებობის აუცილებლობას და იმედს გამოთქვამდნენ, რომ იგი ხელს შეუწყობს სფეროში არსებული პრობლემების წამოწევას, საზოგადოებისა და შესაბამისი ორგანოების დაინტერესებასა და გამოსავლის ძიებას, როგორც საკანონმდებლო, ისე მენტალურ დონეზე.