ბავშვის უფლებები და გარემო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბავშვის უფლებები და გარემო


გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ახალი პროექტი გარემოსდაცვით საკითხებს ეხება და ითვალისწინებს მსოფლიოს ბავშვების რჩევებისა და მოსაზრებების ჩართვას ზოგადი კომენტარი 26-ის შემუშავებაში. აღნიშნული დოკუმენტი განმარტავს, რა უნდა გააკეთონ მთავრობებმა მთელს მსოფლიოში, რათა უზრუნველყონ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სუფთა, მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი სამყარო.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს საქართველოს ბავშვების მონაწილეობას ამ პროცესში.

 

2022 წლის 17 ივნისს უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მოსწავლეების შეხვედრა გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელებთან და საქართველოს სასამართლო და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის, რუსთავის, ტყიბულის, აბაშის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, ახალციხის, მცხეთის, წეროვანის, კასპის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, დირექტორები და პედაგოგები.

 

მოსწავლეებს მიესალმნენ:

  • მიკიკო ოტანი- გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ფილიპ გორი- იუნისეფის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილე;
  • მერაბ ტურავა - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
  • მამუკა თავხელიძე- გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი.

 

შეხვედრა ორ სესიად გაიმართა: ბავშვის უფლებები და გარემო საერთაშორისო დონეზე, ბავშვის უფლებები და გარემო ეროვნულ დონეზე.

 

მოწვეულმა სტუმრებმა: ფილიპ ჯაფემ - გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რინჩენ ჩოფჰელმა- გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის წევრმა, ჰასან ხალილმა - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, სოფიო კილაძემ- გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის წევრმა, სოლომონ პავლიაშვილმა- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თამარ ალადაშვილმა- გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, მოსწავლეებთან ერთად განიხილეს მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი უფლებების, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების, ბიომრავალფეროვნებისა და ა.შ. საკითხები.

 

მოსწავლეებმა: საბა ქენქაძემ- ტყიბულიდან; ბელა მღებრიშვილმა - რუსთავიდან; მარიამ წურწუმიამ, ელენე ბუკიამ, მედეა გოგილაშვილმა, გიორგი ამირხანიანმა - თბილისიდან; მარიამ ცომაიამ -აბაშიდან; გიორგი მორჩილაძემ - ლანჩხუთიდან, თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს სტუმრებს, დასვეს საინტერესო კითხვები და მიიღეს პასუხები.

 

ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

 

მოსწავლეებს 30 ივნისამდე აქვთ ვადა თავიანთი მოსაზრებები ოფიციალურად გაგზავნონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში.