გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თავის უპირველეს ამოცანად საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას მიიჩნევს.
წლების განმავლობაში დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრებთან და კომპანიებთან აქტიურმა თანამშრომლობამ დიდი როლი შეასრულა სწავლისა და სწავლების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაში და გრუნი სულ უფრო ააქტიურებს ამ მიმართულებით საქმიანობას.
მიმდინარე წლის 12 ნოემბერს უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციასთან (ეპაგი).
თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და სტუდენტთა პროფესიული დაოსტატების, მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის განხორციელებას.
მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს: სტუდენტების ცოდნის გაღრმავების მიზნით, ერთობლივი პრაქტიკული კომპონენტის შემუშავება - დანერგვას, ზრუნვას მის შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაზე; ერთობლივი სასწავლო-საინფორმაციო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებასა და გამოქვეყნებაში მონაწილეობას; ეპაგის ორგანიზებით გამოცხადებულ პროგრამებში, პროექტებში, სტაჟირებებსა და კონკურსებში გრუნის სტუდენტების ჩართვას; სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სისტემატურ ინფორმირებას აშშ-ის მთავრობის მიერ გამოცხადებული გაცვლითი პროგრამების შესახებ და სხვ.
მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის თავმჯდომარემ მარიამ თურმანიძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ ისაუბრეს ამ თანამშრომლობისა და, ზოგადად, საგანმანათლებლო პროცესის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობის შესახებ.