მეტს არასა გთხოვთ....

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მეტს არასა გთხოვთ....

მეტს არასა გთხოვთ....

დღეს გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გახსენებით გვსურს ჩვენ, ახალგაზრდებმა, კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი მის ხსოვნას, იმ ანგარიშვალდებულების, იმ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, რომელიც მას ახალგაზრდების მიმართ ყოველთვის გააჩნდა და რამაც მას ათქმევინა: „ახალგაზრდებო! დღე არაა თქვენზე და თქვენთვის არ ვფიქრობდე გულაჩუყებული და თვალცრემლიანი...“.

 

 

მოღვაწე

 

ჩემი პატარა ქვეყნის დიდ ისტორიაში უამრავი მოაზროვნე, საზოგადო მოღვაწე, გმირი, მოღალატე, კარგი თუ ცუდი მოიძებნება. ცუდი ბევრი იყო, მაგრამ, გამორჩეული - 10- ჯერ და 1000- ჯერ მეტი... ასეთ მოღვაწეთა შორის ჩემთვის უპირველესი გრიგოლ რობაქიძეა. ჩემი ერთი ლექტორი ხშირად ამბობს, ჩვენი ჟურნალისტები განურჩევლად ყველას საზოგადო მოღვაწეს ეძახიან და ეს ფრაზა ძალიან უყვართ, მაგრამ საზოგადო მოღვაწე ყველა არ არისო. ჩემი აზრით, გრიგოლ რობაქიძე უდიდესი საზოგადო მოღვაწეა, განა ერთი ქვეყნის, არამედ, მსოფლიოსი. ამაყი ვარ რომ ის ქართველია, შეუძლებელია მის ნაშრომებს გაეცნო და მისი გამორჩეულობა ვერ შეიგრძნო.

გრიგოლ რობაქიძის მსგავსი ერთი მოაზროვნე, მამულიშვილი რომ ჰყავდეს, ჩემი სამშობოლო დღეს ბევრად უკეთესად იქნებოდა...

პაკო კიპაროიძე

 

 

ჩვენ - რობაქიძელები...

 

მის შემოქმედებას სხვადასხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს თავად შტეფან ცვაიგმა, ნიკოს კაზანძაკისმა და სხვა არაერთმა გამოჩენილმა ადამიანმა. გრიგოლ რობაქიძის წარდგენას აპირებდნენ ნობელის პრემიაზე, მაგრამ იგი გარდაიცვალა და, სამწუხაროდ, ეს ვერ განხორციელდა.

ემიგრაციაში დაიპყრო შემოქმედებითი მწვერვალები, გახდა დიდი და აღიარებული მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თუმცა მუდმივად თავისი უსაყვარლესი სამშობლოსკენ ჰქონდა მიპყრობილი სევდიანი მზერა, „ჩაკლული სული“...

იგი გარდაიცვალა 1962 წლის 19 ნოემბერს და ზუსტად 34 წელიწადში ჩაეყარა საფუძველი მისი სახელობის უნივერსიტეტს, რომელიც, როგორც მას შეეფერება, გამოირჩევა მაღალი დონის სწავლებითა და ასევე, გარანტირებული ნათელი მომავლით.

გვეამაყება, ჩვენ „რობაქიძელები“ ვართ..

თათია მექერიშვილი

 

 

„თავისუფლების ძიებაში...“

 

გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის მოყოლას არ დავიწყებ, მხოლოდ მინდა გითხრათ ვინ არის ის ჩემთვის. 

ჩემთვის გრიგოლ რობაქიძე არის სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, თავისუფლების სიმბოლო, რომელსაც არ შეეძლო ყოფილიყო ტოტალიტარული რეჟიმის მონა. არ ეშინოდა და წერდა რეალობის შესახებ. ვფიქრობ, ამ ყველაფერს დიდი გამბედაობა სჭირდება, რომ არ გაჩუმდე იქ, სადაც ყველა ჩუმადაა და გააპროტესტო ის, რაც არ მოგწონს.

მისი ცხოვრება მახსენებს აკაკი წერეთლის სიტყვებს: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი...“

ნათელი, გრიგოლ რობაქიძის მაღალ სულს!

მარიამ მოთიაშვილი

 

 

გრიგოლ რობაქიძე ...

 

 დღეს ვარ ამაყი, რადგან სტუდენტი მქვია, მაგრამ კიდევ უფრო ამაყს მხდის ის ფაქტი, რომ ვსწავლობ „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში...”

დღეს გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა. თუ სვეტიცხოველში ვერა, შინაიზოლაციაში მაინც ყველამ ავანთოთ ერთი სანთელი ამ დიდი პიროვნების სულისთვის: „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს...“ მან ხომ ლამის მთელი ცხოვრება საქართველოს ბედნიერ მომავალზე ოცნებაში, შინ დაბრუნების ნატვრაში, მარტოობასა და მატერიალურ სიდუხჭირეში გაატარა.

სალომე ფაფაკერაშვილი

 

 

 

„გმირი სამარადისოდ რჩება ისტორიას“

 

როდესაც მესმის სიტყვები პატრიოტიზმი , თავგანწირვა, თავიუფლება, გმირობა, მუდამ ის მაგონდება. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მისი სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ. ყოველ წელს უნივერსიტეტში საგანგებოდ აღვნიშნავდით ამ დღეს, მის შემოქმედებას...

მისი ოცნება, საქართველოს თავისუფლება იყო, ამიტომ ის ჩემთვის თავიუფლებასთან ასოცირდება,: ,,თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც ყველა თავის თავს ვერ მისცემს'' 

ჩემი სურვილია , რომ მისი ანდერძი დავიწყებას არ მიეცეს და თითოეულ ქართველს ახსოვდეს, რომ ამ დღეს მცხეთაში ერთი სანთელი აანთოს მისი ღვაწლმოსილი სულის მოსაგონრად.

თამთა თხილაიშვილი

 

 

მეამბოხე სულის სიდიადე

 

დღეს 28 ოქტომბერია. ამ დღეს დაიბადა მეამბოხე სულის, თუმცა, ამავდროულად, დიდი ტკივილის მატარებელი მოაზროვნე - გრიგოლ რობაქიძე. ჩვენ ერთ დღეს მოვევლინეთ ქვეყნიერებას და ზუსტად ვიცი ეს უბრალო დამთხვევა არ არის, ეს მავალდებულებს უკეთ გავიაზრო ყოველივე და მუდამ სამართლიანობის გზით ვიარო, როგორც დიდი პატრიოტი და მამულიშვილი, საქართველოზე მლოცველი ემიგრანტი, რომელმაც მთელი ცხოვრება უცხოობაში გაატარა, თუმცა მუდამ სამშობლოს გვერდით იდგა და არაფრის ეშინოდა.

შემიძლია გრიგოლ რობაქიძე ჯარისკაცს შევადარო, რომელიც კალმით იბრძოდა უსამართლობის ჭაობში სამართლიანობის აღსადგენად. იმის მიუხედავად, რომ მე ჯერ მხოლოდ 18 წლის გავხდი, ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში მეამბოხე, მებრძოლ სულს, რაც კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ერთ დღეს დაბადებულ ადამიანებს სულიერი კავშირი აქვთ ერთმანეთთან. უზომოდ ამაყი ვარ, რომ მისი სულის ნათესავი ვარ.

დღეს გრიგოლ რობაქიძის 140-ე დაბადების დღეა... მინდა მისი უკანასკნელი დიდი სათხოვარი გავიმეორო და ყველას შევახსენო: ,, „ჩემი ნატვრაა: როცა მე ამქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვსთხოვ საქართველოს".

ლიზი ჩიმჩიური