მამუკა თავხელიძე სტუმრად ოლგა ბაბლუანის გადაცემაში „რა დროს ძილია?“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მამუკა თავხელიძე სტუმრად ოლგა ბაბლუანის გადაცემაში „რა დროს ძილია?“

22 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე სტუმრობდა ოლგა ბაბლუანის გადაცემას „რა დროს ძილია“.

 

რექტორმა ისაუბრა იმ მთავარ მიზნებზე, რომლებიც უნივერსიტეტს თავისი განვითარების პრიორიტეტად მიაჩნია, ესენია:

  • სწავლა-სწავლების პროცესის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
  • სწავლებისა და კვლევის ჰარმონიზაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა;
  • თეორიული ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარ - ჩვევების გამომუშავების ერთიანი სისტემის შექმნა;
  • სოციალური პასუხისმგებლობა.

 

აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომობის თვალსაზრისით უნივერსიტეტი საგანმანათლებლო ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს, რაც განპირობებულია ამერიკის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, თურქეთის, ლატვიის, ლიტვის პარტნიორ უნივერსიტეტებთან მრავალმხრივი თანამშრომლობითა და მობილობის საერთაშორისო პროცესში აქტიურად ჩართვით, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და სწავლებისა და კვლევის კარგი გამოცდილება მიიღოს. პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უფასოა.

 

საფრანგეთთან ინტენსიური თანამშრომლობის გამო უნივერსიტეტში მეორე წელია ფუნქციონირებს ფრანგული ენის გაძლიერებული შესწავლის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წარმატებით გააგრძელონ სწავლა საფრანგეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში. სწავლება ამ პროგრამაზეც უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უფასოა.

 

ამასთან, უნივერსიტეტი უცხოელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა ერთობლივ/ინტეგრირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებსაც ახორციელებს.

 

2016 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აფილირებული პარტნიორი გახდა.

 

ამ თანამშრომლობის შედეგად უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომი პერიოდულად ჰარვარდის ბიზნესსკოლის სამეცნიერო საბჭოს წინაშე წარადგინონ და მიიღონ კონსულტაციები, აგრეთვე, უცხოელი მეცნიერების თანახელმძღვანელობით მოამზადონ თავიანთი საკვალიფიკაციო ნაშრომი.

 

მიმდინარე სასწავლო წელს უნივერსიტეტმა დაიწყო უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტი, ვებსტერის უნივერსიტეტის (აშშ) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს დიპლომთან ერთად მიიღონ ამ უნივერსტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და დიპლომი მეორე, მონათესავე სპეციალობაში ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობასა და პოლიტიკის მიმართულებით.

 

სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდასაჭერად უნივერსიტეტმა შექმნა სამეცნიერო კვლევებისა და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისების ფონდი სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების, მეთოდური მუშაობისა და გამოჩენილი ინიციატივებისათვის.

 

უნივერსიტეტმა განვითარების სტრატეგიაში ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გაითვალისწინა ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობის - საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის, რეფერირებად ჟურნალებში თავისი კვლევების გამოქვეყნების, წახალისებისა და მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.

 

ახალი სამეცნიერო პროექტი - „აკადემიური ბლოგი“, სტუდენტებსა და პროფესორებს აძლევს საშუალებას მოახდინონ თავიანთი ცოდნისა და იდეების კომუნიკაცია ფართო აუდიტორიასთან და პოზიტიური ზეგავლენა - საზოგადოებაზე.

 

უნივერსიტეტის თანამედროვე ტიპის ტექნიკურ - ლაბორატორიული ბაზა, კერძოდ: კრიმინალისტიკის უნიკალური ლაბორატორია, რომლის ანალოგი დღემდე არ მოიპოვება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში; თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა და საფანტომო-ტრენაჟორული ლააბორატორია, ქიმიისა და მრავალფუნქციური ლაბორატორიები, საოპერაციო ბლოკი; ახლად შექმნილი მედიცინის სიმულაციური ცენტრი, რომელიც უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი, შემოქმედებითი სახელოსნო და ტელე-რადიოსტუდია იძლევა საშუალებას სტუდენტებმა თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკულად განიმტკიცონ.

 

მასთან ერთად, უკვე ორი წელია უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური ლექტორიუმი, რომელიც სტუდენტს უკვე სწავლის პერიოდში აყალიბებს ლიდერად, იმთავითვე აჩვევს მას პასუხისმგებლობასა და სძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მის პროფესიულ ფორმირებას უწყობს ხელს.

 

რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტმა სოციალური აქტივობა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბალაკავრო პროგრამის შემადგენელ სავალდებულო კომპონენტად გახადა!

 

მისი მიზანია სტუდენტს, როგორც მომავალ საჯარო მმართველს, ჩამოუყალიბოს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, ადამიანთა მიმართ თანაგრძნობის, სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

სოციალური აქტივობა, როგორც პროგრამის შემადგენელი კომპონენტი, არის საბაკალავრო ნაშრომის დაცვაზე დაშვების წინაპირობაც.

 

ექსპერიმენტმა სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია და უნივერსიტეტმა

 

ეს გამოცდილება ყველა სხვა პროგრამაში დანერგა.

 

უნივერსიტეტი იმითაც არის გამორჩეული, რომ დღეისათვის მას გააჩნია ახალი, თანამედროვე საგანმანათლებლო კამპუსები თბილისსა და ბათუმში, რომლებიც აღჭურვილია უახლესი მატერიალურ - ტექნიკური რესურსით. სტუდენტებს საშუალება აქვთ სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობა განახორციელონ არასტანდარტულ, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებში. მათ განკარგულებაშია ორიგინალური რეკრიაციული სივრცე და სპორტული მოედანი, რომელიც სრული რელაქსაციის საშუალებას იძლევა.