უნივერსიტეტში პროექტი „გენდერული თანასწორობა და 21-ე საუკუნის გამოწვევები“ მიმდინარეობს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტში პროექტი „გენდერული თანასწორობა და 21-ე საუკუნის გამოწვევები“ მიმდინარეობს


14 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროექტი - „გენდერული თანასწორობა და 21-ე საუკუნის გამოწვევები“, საზეიმოდ გაიხსნა.

 

პროექტი მომზადდა სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტების- მარიამ ზარქუას, მარიამ შონიასა და მარიამ სამსონიას მიერ.

 

საკითხის მრავალმნიშვნელოვნების გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ორი დისკუსია მრგვალ მაგიდასთან, რომელიც განიხილავს გენდერული თანასწორობის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ასპექტებს და გენდერული თანასწორობის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებს, ასევე, დაიგეგმა დარგის სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების სამი საჯარო ლექცია.

 

პროექტის საზეიმო გახსნის დღეს მისმა ორგანიზატორმა სტუდენტებმა ისაუბრეს საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალობის შესახებ და წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული კლიპი, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხში სტუდენტთა ერთსულოვნებას გამოხატავს.

 

სტუდენტების წამოწყება დადებითად შეაფასეს და წარმატება უსურვეს: :უნივერსიტეტის პრორექტორმა გულიკო გალდავამ, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ანა ფირცხალაშვილმა, პროექტის პარტნიორმა სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ წარმომადგენელმა ნათია ილურიძემ.

 

პროექტის პირველი დღე არასამთავრობო ორგანიზაციის - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, წარმომადგენლის ანა თავხელიძის საჯარო ლექციით გაგრძელდა.

 

პროექტის მეორე დღეს, 15 მაისს, სტუდენტებმა და მათმა პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად განიხილეს გენდერული თანასწორობის სამედიცინო და ფსიქოლოგიური ასპექტები. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები: მაია არაბული და მარინა შაქარაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის, მედიცინის, სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები.

 

სტუდენტებმა საინტერესო მოსაზრებები წარმოადგინეს შემდეგ საკითხებზე: გენდერული დისკრიმინაცია და ფსიქოსომატური დაავადებები, ნარკომომხმარებელი ქალების მდგომარეობა საქართველოში, ცოლ-ქმრული ურთიერთობა ორსულობის პერიოდში, კაცის ჩართულობა ბავშვის აღზრდაში; გენდერული სტერეოტიპები, გენდერული როლების კონსტრუირება (სოციალურ-კოგნიტური თეორია); დესპრესიის განმაპირობებელი ფაქტორები და გენდერული დისბალანსი; ანდროცენტრიზმი და სექსიზმი.

 

პროექტი 20 მაისს განახლდება დისკუსიით: გენდერული თანასწორობის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები.