გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ავტორიზაციის ექსპერტებისგან ძალიან მაღალი შეფასებები მიიღო – რა სიახლეებია ალმა მატერში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ავტორიზაციის ექსპერტებისგან ძალიან მაღალი შეფასებები მიიღო – რა სიახლეებია ალმა მატერში

მაქსიმალურად კომფორტული გარემო, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები და ონლაინ ლექციები – ეს იმ სერვისების ნაწილია, რასაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ალმა მატერი) საკუთარ სტუდენტებს სთავაზობს. უმაღლესი სასწავლებელი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შეხვდა, წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და სწავლების უფლება ექვსი წლით გაიხანგრძლივა. რა მოვლენები უძღოდა წინ ავტორიზაციის პროცესს და რა სიახლეები იგეგმება უნივერსიტეტის ცხოვრებაში, ამის შესახებ EDU.ARIS.GE გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორ მამუკა თავხელიძეს ესაუბრა.

–ახალი სასწავლო წელი თქვენთან დიდი სიახლით დაიწო. უნივერსიტეტმა 6 წლით ავტორიზაცია მიიღო. როგორი იყო მუშაობის პროცესი და ამ პროცესში ყველაზე მეტად რა მიმართულებით იმუშავა უნივერსიტეტმა?

–საქართველო თანდათან უახლოვდება მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემას, შესაბამისად განსხვავებით წინა ავტორიზაციის პროცესისგან, წელს ახალი სტანდარტები იქნა დადგენილი. არსებულ ოთხ სტანდარტს დაემატა კიდევ სამი ახალი. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა ჩაგვებარებინა ანგარიში სახელმწიფოსთვის, რომ კიდევ ექვსი წლით მოგვეპოვებინა სწავლების განხორციელების უფლება. ჩვენ არ გაგვჭირვებია დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილება, თუმცა ძალიან დიდი დატვირთვა მიიღო უნივერსიტეტმა. ძალიან მოკლე პერიოდი იყო საავტორიზაციო დოკუმენტების შედგენისთვის, თვითშეფასების გაკეთებისათვის, ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებისათვის. სხვა უნივერსიტეტებისგან გასხვავებით, ჩვენ ყველა ეს დოკუმენტი ჩვენი ძალებით შევიმუშავეთ. არ დაგვიქირავებია სხვა კომპანია რადგან მიგვაჩნია, რომ კომპანიის მიერ გაკეთეული სტრატეგიული გეგმა ვერასოდეს ვერ გახდება უნივერსიტეტის ორგანული ნაწილი. ჩვენ შევქმენით სხვადასხვა მიმართულების ჯგუფები. ეს იყო თვითშეფასებაზე მომუშავე, სტრატეგიული გეგმის შემუშავების ჯგუფები. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა გერმანელი ექსპერტი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოკუმენტაცია შეფასდა ძალიან მაღალ დონეზე, ითქვა რომ ეს არის ღრმად ანალიტიკური და მაღალი პროფესიონალიზმით შედგენილი დოკუმენტაცია.

ერთია გამართული დოკუმენტაცია და მეორეა რეალობა. რამდენად შეესაბამება ფურცელზე აღწერილი სიტუაცია, უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას?

–მინდა გითხრათ, რომ იგივე დასკვნის საფუძველზე ეს ყველაფერი სრულ შესაბამისობაში აღმოჩნდა დოკუმენტაციასთან. ჩვენი საქმიანობა ყველა იმ შვიდ სტანდარტთან შესაბამისობაშია, რაც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი. უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი, საავტორიზაციო ექსპერტთა ჯგუფმა ჩვენი უნივერსიტეტის მიერ შესრულებული 14 საუკეთესო პრაქტიკა დააფიქსირა. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი 14 მიმართულებით სანიმუშო საქმიანობას ეწევა და იქ პირდაპირ წერია, რომ უნივერსიტეტის მიერ განცხორციელებული ეს საუკეთესო პრაქტიკა უნდა იყოს გაზიარებული, როგორც მოდელი, საქართველოს სხვა უნივერსიტეტების მიერ. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ სტრატეგიულ გეგმაზე და ვფიქრობთ, რომ ამ სტანდარტს კიდევ უფრო მაღლა ავწევთ.

–ავტორიზაციის მიღების გარდა, კიდევ რა სიახლეებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა?

–ძლიან მაღალი შეფასება მიიღო უნივერსიტეტმა იმ კუთხითაც, რომ მაღალ სტანდარტები გვაქვს სტუდენტთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი სოციალური განვითარების კუთხით. უნივერსიტეტში ბევრი საინტერესო სიახლეა, მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად იქმნება სტუდენტის ომბუდსმენის ინსტიტუტი. ეს არ იქნება გარედან მოყვანილი დაქირავებული პირი, არამედ იქნება მაღალი კურსის სტუდენტთა შორის შერჩეული პერსონა, რომელიც 6 თვეში ერთხელ შეიცვლება. სტუდენტმა ბევრად უკეთ იცის სტუდენტური პრობლემები და ის ბევრად უფრო ობიექტური იქნება ახალგაზრდების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მათი უფლებები არ ირღვევა. როდესაც რამე ახალ გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაცია, სტუდენტები ბევრ კითხვას სვამენ, როდესაც ამ კითხვებზე პასუხს იღებენ ისევ თანატოლისგან, მათთვის ბევრად დამაჯერებელია. ანუ ყოველგვარი დისკომფორტი იხსნება მათთვის და ამ იდეასაც დიდი შეფასება მისცეს ექსპერტებმა.

–სოციალური დაცვა ახსენეთ, კონკრეტულად რა შეღავათებს სთავაზობს სტუდენტებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი?

–დაბალი სოცილური სტატუსის მქონე სტუდენტებს ჩვენ ბევრ პრივილეგიას ვთავაზობთ. მაგალითად ბათუმის ფილიალში, 10 ასეთი სტატუსის მქონე სტუდენტი, ყოველწლიურად უფასოდ სწავლობს. გარდა ამისა, ბევრი ბონუსები გვაქვს, მაგალითად, თუ ჩვენთან ოჯახიდან ორი სწავლობს, მათ სოლიდური შეღავათები აქვთ. ასევე, სტუდენტს თავის მიერ შემოთავაზებული გრაფიკის მიხედვით შეუძლია გადაინაწილოს სწავლის საფასურის გადახდა და არა ჩვენგან თავსმოხვეული ვადებით. კიდევ ბევრი მსგავს ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი.

–რას სთავაზობს წელს უნივერსიტეტი სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების მიმართულებით?

–ვინმეს თუ შეუძლია დაიტრაბახოს ამ კუთხით, ალბათ ერთ-ერთი ჩვენი უნივერსიტეტია. ახლახან საფრანგეთის ელჩს მივანიჭეთ საპატიო დოქტორის წოდება. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაზე. ამ წუთში მაგალითად, ორი ევროპელი, ერთი ფრანგი და ერთი გერმანელი სტუდენტი სწავლობს ჩვენთან სწორედ ამ გაცვლითი პროგრამით. როდესაც ჩვენგან მიდიან ბავშვები საზღვარგარეთ, შესაბამისად იქედანაც მოდიან. გასულ სასწავლო წელსაც გვყავდა სტუდენტები – ერთი პოლონელი დ ორი ყირგიზეთიდან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან არამარტო განვითარებადი ქვეყნებიდან ჩამოდიან, არამედ განვითარებული ქვეყნებიდანაც. როდესაც წინა საავტორიზაციო პერიოდში გავაკეთეთ ანალიზი გამოირკვა, რომ ყოველი მეშვიდე სტუდენტი სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა პროგრამით ახორციელებდა საერთაშორისო მობილობას, ეს იყო ერასმუსი თუ სხვა გაცვლითი პროგრამები.

–ამ ეტაპზე თუ გადის თქვენი რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციას და რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა/სტუდენტებმა ამ პროცესისა და პროგრამის შესახებ?

–უნივერისტეტი ავტორიზებულია და ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ, მას შეუძლია ნებისმიერი პროგრამის განხორციელება, მაგრამ აკრედიტაციას იმიტომ გავდივართ, რომ აკრედიტებული პროგრამები ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან და ეს სტუდენტების ინტერესშია. ჩვენი ყველა პროგრამა დღესდღეობით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. რამდენიმე დღის წინ ბიზნესის სადოქტორი პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია, ეს პროგრამაც უკვე ხორციელდება ჩვეულებრივ რეჟიმში. საერთოდ, სადოქტორო პროგრამები რეგულირებადია და ამდენად, ყველა ამ პროგრამამ უნდა გაიაროს აკრედიტაცია. ჯერჯერობით კი ყველა პროგრამას აკრედიტაცია აქვს.

–შორეულ გეგმებზეც რომ ვისაუბროთ, რას გეგმავს და რა მიმართულებით სურს უნივერსიტეტს განვითარება ამ 6 წლის განმავლობაში?

–მომდევნო 6 წლის მანძილზე უნივერსიტეტი ფიქრობს რამდენიმე ახალი პროგრამის დამატებას. იქამდე ჩატარდება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბაზრის კვლევა. ბაზარი რა მოთხოვნებსაც გვაჩვენებს, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ლიდერია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთან არის სტუდენტზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა. ყველა აუდიტორიას თავის ფუნქციური დატვირთვა აქვს, სტუდენტს არ ბეზრდება იქ ჯდომა. აუდიტორიები აღჭურვილია ყველა იმ ტექნოლოგიით, რომელიც აუცილებელია სწავლებისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ბათუმის წარმომადგენლობისათვის დავიწყეთ ონლაინ ლექციების ორგანიზება. ბათუმელი სტუდენტები განსაკუთრებულად მოტივირებულები არიან, ეს ძალიან გვიწყობს ხელს რომ იქაც სწავლების ისეთივე ხარისხი გვქონდეს, როგრც თბილისში. შარშან უკვე სატესტო რეჟიმში გვქონდა დაწყებული ონლაინ პრინციპით სწავლება და წელს კიდევ უფრო დაიხვეწა ეს სისტემა. რამდენადაც ვიცი, ბათუმის სტუდენტები ძალიან კმაყოფილები არიან. გარდა იმისა, რომ აქედან ჩადის ჩვენი აკადემიური პერსონალი და იქ ახორციელებს ინტენსიური კურსით სწავლებას, რჩებიან ვთქვათ 2-3 დღე ატარებენ ლექციებს, შემდგომ უკვე ადგილობრივი პერსონალი აგრძელებს პრაქტიკულ სამუშაოებს. ახალ უკვე შემოვიტანეთ აქედან ონლაინ რეჟიმში ლექციების წარმართვის პრაქტიკა, რაც ვფიქრობ, თანამდროვე მოთხოვნებს შეესაბამება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კიდევ ვგეგმავთ განვითარებას.