ურთიერთგაგების მემორანდუმი - განათლების მდგრადი განვითარებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ურთიერთგაგების მემორანდუმი - განათლების მდგრადი განვითარებისათვის


25 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საქართველოს ექვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს უნივერსიტეტთან, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA), თავისუფალ უნივერსიტეტთან და გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის (GIZ) პროგრამის - „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“, ხელმძღვანელთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ხელი შეუწყოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას დღის წესრიგი 2030-ის მოთხოვნების შესაბამისად სამართლებრივი რეგულირებების ეკონომიკური, სოციალური, საზოგადოებრივი ან/და სხვა სახის ზეგავლენის წინასწარი შეფასების (RIA+) მეთოდოლოგიის დანერგვაში.

 

მემორანდუმის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შეიქმნას ერთობლივი ფორუმი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტებს, რათა საფუძველი ჩაეყაროს რეგულირების ზეგავლენის წინასწარი შეფასების (RIA+) ანგარიშების განხორციელებას.

 

RIA+ -ის ირგვლივ გაერთიანება ხელს შეუწყობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების ჩამოყალიბებას, რომელთაც ექნებათ უკეთესი მმართველობის, უკეთესი საკანონმდებლო პროცესის განხორციელების უნარ-ჩვევები, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის მდგარი განვითარებისა და შესაბამისად, დღის წესრიგი 2030-ის აღსრულებას შეუწყობს ხელს.

 

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ხელმომწერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

 

საკონტაქტო პირი: ა.ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge