გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ოფიციალურად გახდა ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEE) წევრი.
ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნივერსიტეტის საერთაშორისო სტანდარტებთან სტომატოლოგიური განათლების ხარისხის შესაბამისობისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების დასტურია.
ADEE-ში გაწევრიანება ნიშნავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებს:
- წვდომას საერთაშორისო აკადემიურ ქსელებთან და რესურსებთან;
- მონაწილეობას ADEE-ის კონფერენციებსა და საერთაშორისო ფორუმებში;
- ჩართვას სტომატოლოგიური განათლების სტანდარტებისა და სასწავლო გეგმის განვითარებაში;
- აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას;
- ერთობლივ კვლევით პროექტებში ჩართვასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაცია აერთიანებს ევროპის წამყვან სტომატოლოგიურ ფაკულტეტებს, უნივერსიტეტებს, აკადემიურ დაწესებულებებსა და მეცნიერებს, რათა ხელი შეუწყოს სტომატოლოგიური განათლების განვითარებას მაღალ დონეზე, ინოვაციების დანერგვას სწავლების პროცესში და კავშირების გაღრმავებას სფეროს პროფესიონალებს შორის. ასოციაციის წევრია ევროპის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი. ორგანიზაცია თანამშრომლობს ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო ფედერაცია.
ADEE-ში გაწევრიანება ადასტურებს, რომ გრუნი იზიარებს უმაღლესი ხარისხის , თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სტომატოლოგიურ განათლებას. მიღწეული წარმატება ხაზს უსვამს გრუნის მიზანს - შესთავაზოს სტუდენტებს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://adee.org