საჯარო სექტორის აუდიტორის კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი იწყებს სტუდენტების სასერტიფიკატო პროგრამას.
თითოეული სტუდენტი, რომელიც აღნიშნულ პროგრამას წარმატებით გაივლის, გამოავლენს აუდიტორისათვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და შრომისმოყვარეობას, ეძლევა რეალური შანსი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს და დასაქმდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
პროგრამის გასაცნობად გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან. დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა, საერთაშორისო პროექტების ხელძღვანელმა ნათია მოგელაძემ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ კეჟერაძემ სტუდენტებს გააცნეს პროგრამის პირობები, სწავლის ხანგრძლივობა და სასწავლო კურსით გათვალისწინებული მოდულები, აგრეთვე, ის კომპეტენციები, რომლებსაც პროგრამის დასრულების შემდეგ შეიძენენ სტუდენტები.
აღინიშნა, რომ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
- შეაფასოს, რამდენად შეესაბამება აუდიტის ობიექტის საქმიანობა კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს;
- შეისწავლოს და გაანალიზოს სახელმწიფო სახსრების, ქონების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერება და მიზანშეწონილობა;
- შეაფასოს შესამოწმებელი ობიექტის საქმიანობის ეკონომიურობა, შედეგობრიობა და მიზანშეწონილობა;
- მოიპოვოს და გაანალიზოს ინფორმაცია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და მოხმარების თაობაზე;
- გამოთქვას მოსაზრება, რამდენად სამართლიანად და ზუსტად ასახავს შესამოწმებელი ობიექტის ფინანსური ანგარიშგება მის ფინანსურ მდგომარეობასა და შედეგს;
პროგრამის წარდგენის შემდეგ მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება შესაბამისი სკოლების მიხედვით, სასწავლო კურსი დაიწყება მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599776771