სოციალური აქტივობა საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო კომპონენტი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სოციალური აქტივობა საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო კომპონენტი გახდა

მიმდინარე სემესტრიდან სოციალური აქტივობა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბალაკავრო პროგრამის შემადგენელი სავალდებულო კომპონენტი გახდა!

 

მისი მიზანია სტუდენტს, როგორც მომავალ საჯარო მმართველს, ჩამოუყალიბოს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, ადამიანთა მიმართ თანაგრძნობის, სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ მიზნის მისაღწევად ყველა სტუდენტი ვალდებულია, პროგრამული ციკლის ფარგლებში განახორციელოს ისეთი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის ირგვლივ მყოფ ადამიანთა ცხოვრების წესის გაცნობას, ყველაზე მოწყვლადი და დაბალი სოციალური ფენის პრობლემების შესწავლასა და მონაწილეობას მათ მოგვარებაში.

 

მიღებული გამოცდილება მომავალ საჯარო მოხელეს ან პოლიტიკური თანამდებობის პირს დაეხმარება მიიღოს ადამიანის უფლებების დაცვაზე, სოციალური სამართლიანობაზე, თანასწორობასა და მოქალაქეთა ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

 

სოციალურ აქტივობად ჩაითვლება სხვადასხვა ჯგუფის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მოვლას, საცხოვრისის დალაგებას, საჭირო ნივთებისა და ფულადი სახსრების შეგროვების ორგანიზებას და სხვ.

 

ეს ჯგუფები შეიძლება იყოს:

ა) სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახები ან ინდივიდები;

ბ) ძალადობის მსხვერპლი პირები;

გ) უკურნებელი ავადმყოფობით დაავადებული პირები და მათი ოჯახები;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ ოჯახები;

ვ) ფსიქიკური პრობლემის მქონე პირები;

ზ) სოციალურად დაუცველი პირები;

თ) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები;

ი) ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ( რესოციალიზაცია-რეაბილიტაცის მიმართულებით);

კ) სოციალურად დაუცველი პირები;

ლ) ხანდაზმულები;

მ) მრავალშვილიანი, შეჭირვებული ოჯახების მარტოხელა მშობლები;

ნ) იძულებით გადაადგილებული პირები.

 

სოციალური აქტივობის განხორციელება შესაძლებელია პროგრამული ციკლის ნებისმიერ ეტაპზე, არდადეგების დროს, არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში.

 

ჩატარებული საქმიანობის შესახებ სტუდენტი/სტუდენტთა ჯგუფი ვალდებულია გააკეთოს პრეზენტაცია ვიზუალური მასალის თანხლებით აკადემიური ჯგუფის წინაშე, დეკანის/აკადემიური პერსონალის თანდასწრებით.

 

სოციალური აქტივობა, როგორც პროგრამის შემადგენელი კომპონენტი, არის საბაკალავრო ნაშრომის დაცვაზე დაშვების წინაპირობა.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge